შერმადინის 7 ქულა და უნიკახელთა მარცხი ტენერიფეში

შერმადინის 7 ქულა და უნიკახელთა მარცხი ტენერიფეში

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში მარცხი განიცადა და მოგებ-წაგებათა თანაბარი ოდენობა დაუგროვდა გიორგი შერმადინის “უნიკახას”. მალაგელები ტენერიფეში “იბეროსტარს” შეხვდნენ და 77:81 დამარცხდნენ.მატჩი პრინციპული გახლდათ, რადგან ცხრილში მეზობლები ხვდენოდნენ და ვინც იმარჯვებდა, ის დაწინაურდებოდა. მალაგელები ბოლომდე ებრძოლნენ ტენერიფელებს, თუმცა მოგება ვერ მოახერხეს.

გიორგი შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე 12:51 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც მოხსნა ვერა, თუმცა 7 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბურთიც ერთხელ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მალაგელთაგან საუკეთესო იყო ძირითადი ხუთეულის ცენტრი, ჯეიმს ოგასტინი, რომელმაც 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო და 15 ქულა მოაგროვა.

6 მოგებითა და 6 მარცხით “უნიკახა” ცხრილის შუაში – მე-9 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს მალაგელები 2 იანვარს, შინ “ვალენსიასთან” გამართავენ. დღეს მე-12 ტურის მატჩს ითამაშებს თორნიკე შენგელიას “ბასკონია”, რომელიც ტრავმირებული ბექა ბურჯანაძის “ანდორას” ესტუმრება.