საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“ოლიმპმა” “ბათუმი” ბოლო წამებზე დაამარცხა

“ოლიმპმა” “ბათუმი” ბოლო წამებზე დაამარცხა

საახალწლო შესვენების შემდეგ, საკალათბურთო სუპერლიგა დღეს 2 მატჩით განახლდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველში ერთმანეთს ცხრილის შუაში, გვერდიგვერდ მყოფი გუნდები – “ოლიმპი” და “ბათუმი” შეხვდნენ. ორივე გუნდს ამ მატჩამდე 7 მოგება და 5 მარცხი ჰქონდა, შესაბამისად, ორივესთვის მეტად პრინციპული დაპირისპირება გახლდათ.

ორივე გუნდი საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით იყო. “ოლიმპს” ტრავმის გამო მიხეილ ჭოჭუა და მარკ ოგდენი აკლდა, ხოლო ნიკა დარბაიძემ პირველ ტაიმში მუხლი იტკინა და მოედანზე ვეღარ დაბრუნდა. ბათუმელებმა გუნდიდან იშმაელ ჰოლისი გაუშვეს, ხოლო სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ 3 მოთამაშე ჰყავდათ – ვახტანგ ქადარია, გიორგი ყველაშვილი და ივანე მაისურაძე. 

შეხვედრა თანაბარი გამოდგა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა წინ დამაჯერებლად გაჭრას. თავდაპირველად გალიდერდნენ ბათუმელები, რომლებმაც პირველი პერიოდი 1 ქულით მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა მცირედით გაზარდეს – 36:33. მესამე პერიოდში “ოლიმპმა” თამაში გამოასწორა და 7-ქულიანი ჩამორჩენა (36:43) მეოთხედის ბოლომდე 1-ქულიან ლიდერობად აქცია.

დასკვნით პერიოდში ორივე გუნდის მოთამაშეები პერსონალურებით დაიტვირთნენ და მოედნიდან ერთმანეთის მიყოლებით გავარდნენ თბილისელთა მხრიდან რევაზ როგავა და გეგი ბაქრაძე, ხოლო ბათუმელთაგან სპენსერ კოლინსი და ვახტანგ ქადარია. შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა და მატჩის ბოლოსწინა წუთზე ანგარიში თანაბარი იყო. ბოლო წუთზე გივი ბაქრაძემ შორი ორქულიანი ჩააგდო და “ოლიმპი” 66:64 დააწინაურა, ხოლო საპასუხო შეტევაში უკრაინელმა ლეონიდ სტეპანიშინმა სამქულიანი ააცილა. დარჩენილ წამებში ბათუმელებს ტაქტიკური ჯარიმით ვითარების გამოსწორების შანსი შერჩათ, თუმცა მერაბ ბოქოლიშვილმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და “ოლიმპს” გამარჯვება გაუნაღდა.

თბილისელებს 25 ქულით მორის ჰილმა ულიდერა. 14-14 ქულით დაასრულეს შეხვედრა გივი ბაქრაძემ და მერაბ ბოქოლიშვილმა. “ბათუმში” 22 ქულით ბომბარდირი გახდა სპენსერ კოლინსი, ხოლო სერბმა, სტეფანბ ანდრეიევიჩმა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა.

ოლიმპი – ბათუმი
სტატისტიკა: 69:64

მატჩისშემდგომი კომენტარები:

დავით როგავა, („ოლიმპის“ მწვრთნელი):

„გუნდი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ექვსი მოთამაშე გვყავს ტრავმირებული. დღეს, ფაქტობრივად, შვიდი მოთამაშით ჩავატარეთ მატჩი. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ურთულესი თამაში გამარჯვებამდე მიგვეყვანა. შემდეგი თამაში „დინამოსთან“ გვაქვს და ამისთვის ვემზადებით. იმედია ტრავმირებული კალათბურთელებიც მალე დაგვიბრუნდებიან.“

ვლადიმირ ბოსნიაკი, („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი):

„ვცდილობდით ბურთების ჩაგდებას, არ გამოგვივიდა და წავაგეთ, ასეც ხდება. იმედია, ამ შეცდომებს გამოვასწორებთ.“