“დინამომ” ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობა “ისთანბულთან” მარცხით დაასრულა

“დინამომ” ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობა “ისთანბულთან” მარცხით დაასრულა

“დინამო თბილისმა” ფიბას ევროპის თასზე ასპარეზობა დაასრულა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართა და წინა 5-ის მსგავსად, ეს მატჩიც წააგო.

თურქულ “ისთანბულს” ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდა. სტუმრებს 5-დან 4 მოგება ჰქონდათ აქტივში და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლისთვის იბრძოდნენ. დინამოელებს კი ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვება სურდათ, მაგრამ ამ ფაქტორის მიუხედავად, გამარჯვება სტამბოლელებს დარჩათ. “ისთანბულს” შემადგენლობაში ჰყავდა სლოვენიის ეროვნული ნაკრების წევრი იაკა კლობუჩარი, ხორვატიის ნაკრების წევრი ივან ბუდვა და სერბეთის ეროვნული გუნდის წარმომადგენელი, სტეფან ბირჩევიჩი. ერთი სიტყვით, თურქულ კლუბს ძლიერი შემადგენლობა და შესაბამისად, დიდი ამბიციები აქვს და დღევანდელი შეხვედრის მოგებაც არ გასჭირვებია.

დინამოელებმა იბრძოლეს. მეტოქეს მეორე პერიოდში ანგარიში გაუთანაბრეს (32:32), ხოლო მესამეში ჩამორჩენა 5 ქულამდე გაუბათილეს (52:57), თუმცა კლასისა და ოსტატობის ხარჯზე სტამბოლელებმა უმალ მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა და თამაშის ბოლომდე ლიდერობა 27 ქულამდე გაზარდეს – 97:70.

“ისთანბულში” 22 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით ივან ბუდვა გამოირჩა. 17 ქულა დაგროვდა რაიან ტულსონის ანგარიშზე. “დინამოში” 18 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკოლა გაჩეშა, 13 ქულა ჰქონდა ჰარისონ ტურპინს, ხოლო ლევან გრძელიძის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.

ამით დინამოელებმა დაასრულეს ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობა და ახლა მთლიანად საქართველოს სუპერლიგაზე გადაერთვებიან.

ირაკლი ხოშტარია, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი:

“სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ გამარჯვება და დავმარცხით. თუ ჩვენ დასკვნებს გამოვიტანთ არა ამ მატჩიდან, არამედ მთლიანად ფიბა ევროპის თასის ტურნირიდან, მასში ჩვენი მონაწილეობა გამართლებული იქნება. როგორც ვხედავთ, მეტია საჭირო, როგორც მოთამაშეებისგან, ისე მწვრთნელებისგან. კომპლექსურადაა განვითარება საჭირო. მე მზად ვარ ამისთვის და ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ვაჩვენოთ უკეთესი შედეგი და გულშემატკივრები გავახაროთ”.