საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შენგელიას 9 ქულა და ბასკონიელთა იოლი გამარჯვება ოლიმპიაკოსთან

შენგელიას 9 ქულა და ბასკონიელთა იოლი გამარჯვება ოლიმპიაკოსთან

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროპის ერთ-ერთი გრანდი გაანადგურა. ევროლიგის მე-17 ტურში ბასკონიელებმა პირეოსელებს ვიტორია-გასტეისში უმასპინძლეს და მიუხედავად პირველი პერიოდის 16:21 წაგებისა, სახელოვანი მეტოქე საბოლოოდ 32 ქულით გააცამტვერეს – 86:54.

გუნდის კაპიტანი შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე არასრული 16 წუთი გაატარა. თორნიკემ  9 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ბასკურ კლუბში საუკეთესო გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანი იყო 19 ქულით, ფრანგებმა როდრიგ ბობუამა და ვინსენ პუარემ კი 13-13 ქულა ჩააგდეს.

8 გამარჯვებისა და 9 მარცხის მქონე “ბასკონია” 16-გუნდიან ევროლიგაში მე-9 ადგილზეა და დარჩენილი პერიოდის გამოწვევაც საუკეთესო 8 გუნდში შესვლა იქნება, რაც ვიტორიელებს პლეი ოფში გასვლის საშუალებას მისცემს. შემდეგი მატჩი ბასკონიელებს 17 იანვარს მადრიდში, “რეალთან” ელით.