ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კემპი

ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კემპი

29 აპრილიდან  5 მაისამდე იტალიის ქალაქ  ბოლონიაში Junior NBA-ს  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კემპი ჩატარდება, სადაც უკვე მეორედ, ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას.  

ბოლონიაში გასამართ კემპზე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორების, ჯუნიორ ნბა-ს ორგანიზატორების და ქალთა კალათბურთის კავშირის გადაწყვეტილებით,  შარშანდელი  Junior NBA-ს  საუკეთესო მოთამაშე ( MVP)  ნიკოლოზ აბულაძე   და გამორჩეული მოთამაშეები – ეკატერინე წივწივაძე და თენგო გოგიშვილი გაემგზავრებიან.  ქართველ კალათბურთელებთან ერთად კემპზე მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდა პერსპექტიული მწვრთნელი გიორგი რაზმაძე.

კემპი იმართება ევროპის ნაკრებისთვის შემადგენლობის დასაკომპლექტებლად. ბოლონიაში ის კალათბურთელები შეირჩევიან, რომლებიც 2019 წლის აგვისტოში, ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავენ. ჩვენი კონტინენტის ნაკრებისთვის საბოლოოდ უნდა შეირჩეს 10-10 გოგონა და ბიჭი.

ჯუნიორ ნბა-ს ევროპის კემპს  NBA-ს საკალათბურთო ოპერაციების სამსახურის წევრები ჩაატარებენ, რომლის შედეგად მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე მოთამაშეები შეირჩევიან.

კემპის მონაწილეები ივარჯიშებენ როგორც ტექნიკური, ასევე ტაქტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. ჩაერთვებიან სხვადასხვა საკალათბურთო აქტივობებში და წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს. 

ნილ მეიერი, ნბა-ს კალათბურთის ოპერაციების ასოცირებული ვიცე-პრეზიდენტი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში: “ბოლონია ველქამთან“ პარტნიორობის ფარგლებში ველით, რომ ვუმასპინძლოთ ჯუნიორ ნბა-ს შესარჩევ კემპს. ბანაკი უზრუნველყოფს უნიკალურ და საინტერესო შესაძლებლობას ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 60-მდე ახალგაზრდისათვის, რომ იმუშაონ ნბა-ს თანამშრომლებთან და ნბა-ს ლიგის მწვრთნელებთან, რათა აიმაღლონ თავიანთი ინდივიდუალური უნარები და უკეთ გაიაზრონ ჯუნიორ ნბა-ს ღირებულებები. იმ შესაძლებლობასთან ერთად, რომ წარმოადგინონ ევროპა და შუა აღმოსავლეთი, ჩვენ კალათბურთის შესანიშნავ კვირას უნდა ველოდოთ.

ბორის დიოუ, ნბა-ს ჩემპიონი: მჯერა, რომ შესარჩევი კემპის მეშვეობით რეგიონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეები შეირჩევიან. ბოლონიას უდიდესი ტრადიცია აქვს კალათბურთში და მახსოვს, რომ აქ დიდი სიამოვნებით ვთამაშობდი. ის შესანიშნავ ფონს უქმნის ახალგაზრდა მომავალ თაობებს, რომ გაიუმჯობესონ უნარები და შეეჯიბრონ ერთმანეთს.