საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბელარუსთან ბათუმში ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბელარუსთან ბათუმში ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმში საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ბელარუსის ნაკრებთან გამართა. ამ ციკლში ეს გახლდათ პირველი საკონტროლო მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის, რომელსაც თემურ კანკია და ნიკა ცინცაძე წვრთნიან. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელიც ბელარუსების გამარჯვებით – 67:64 დასრულდა.

ამხანაგური მატჩი იყო და შედეგს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა საქართველოს ნაკრებს რევანშის შანსი მიეცემა – კანკიას გუნდი ბელარუსებს 29 ივნისს კვლავ დაუპირისპირდება. ბათუმში იმყოფება ისრაელის 18-წლამდელთა ნაკრებიც, რომელსაც საქვეყნოდ ცნობილი ებრაელი სპეციალისტი, პინი გერშონი ჩამოჰყვა. გერშონი ევროლიგის 2005 წლის საუკეთესო მწვრთნელია და თელ ავივის მაკაბისთან ერთად ევროპის ეს უმაღლესი საკლუბო ტურირი სამჯერ აქვს მოგებული. გერშონი ისრაელის ასაკობრივი ნაკრებების კურატორია და 18-წლამდელებს ბათუმში ჩამოჰყვა. ბელარუსი და ისრაელი ბათუმში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოწვევით იმყოფებიან და ერთმანეთში, ჩვენს ნაკრებთან ერთად ჯამში 6 მატჩს გამართავენ. 

საქართველოსა და ბელარუსის შეხვედრა მწვრთნელებისთვის კარგი საშუალება გახლდათ, გუნდის შესაძლებლობები გამოეცადათ. ბელარუსს საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავს, რომელიც ჩვენებზე დიდი ხანია, შეკრებილია და ფიზიკურადაც უკეთეს კონდიციაშია. ამის ხარჯზე სტუმრებმა პირველი პერიოდის მიწურულს მოახერხეს უპირატესობის მოპოვება, რომელიც მეორეში კიდევ უფრო გაზარდეს და დიდი შესვენებისთვის 33:26 დაწინაურდნენ. 

მესამე ათწუთეულში ქართველებმა თამაში გაათანაბრეს და დაწინაურებაც მოახერხეს, თუმცა ტემპი ვერ შეინარჩუნეს და მცირედით, მაგრამ კვლავ ჩამორჩნენ. ანგარიშში სხვაობა მცირე იყო და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. ირაკლი კილაძემ დასრულებამდე 25 წამით ადრე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, რის შემდეგაც კარგი დაცვის ხარჯზე ქართველებმა ბურთი მოიპოვეს. 64:65 ჩამორჩენილ ქართველებს 15 წამი ჰქონდათ და კომბინაციაც კარგად გაათამაშეს, თუმცა ანზორ ნადირაძემ დამაგვირგვინებელი სროლა ვერ ჩააგდო, ბურთი ბელარუსებმა მოხსნეს და შედეგიანი კონტრშეტევით 67:64 დაწინაურდნენ.

საქართველოს ნაკრებს წუთშესვენება აღარ ჰქონდა და დარჩენილ 6 წამში კი მოახერხს გამთანაბრებელი სამქულიანის სროლა, თუმცა რატი ანდრონიკაშვილის რთული სიტუაციიდან გაშვებული ბურთი კალათში არ ჩაეშვა. ჩვენს ნაკრებში სათამაშო დრო ყველაზე, მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. ყველაზე მეტი 21:47 წუთი ვოვა თავაქარაშვილმა ითამაშა, ხოლო ნაკლები – ალექსანდრე მერკვილაძემ (9:45). თემურ კანკიამ მაქსიმალურად თანაბრად გადაანაწილა სათამაშო დრო და საქმეში ნაკრებში დღეს მყოფი ყველა კანდიდატი ნახა. 

ყველაზე შედეგიანი რატი ანდრონიკაშვილი გახლდათ, რომელმაც 14:10 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა 17:19 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ირაკლი კილაძის ანგარიშზე 20:39 წუთში 6 ქულა, 7 მოხნა და 2 პასი დაგროვდა. 

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მორიგ სპარინგ მატჩს ისრაელის ნაკრებთან, 27 ივნისს გამართავს.

საქართველო U18 – ბელარუსი U18
სტატისტიკა: 64:67