კავკასიამ თელავის ბურჯი დაძაბულ ბრძოლაში – 77:75 დაამარცხა

კავკასიამ თელავის ბურჯი დაძაბულ ბრძოლაში – 77:75 დაამარცხა

“ა” ლიგა ჩვეული დაძაბულობით გრძელდება. დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 1 მატჩი გაიმართა, რომელიც ძალიან საინტერესო და ემოციური გამოდგა. “კავკასიამ” 2 ქულის სხვაობით – 77:75 (სტატისტიკა) დაამარცხა თელავის “ბურჯი”.

ეს გახლდათ მატჩი, რომელშიც ორივე გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას. თელაველებს რომ ემარჯვათ, ამაში უსამართლო არაფერი იქნებოდა, რადგან შეხვედრა ძალიან თანაბარი იყო. გადამწყვეტი სამქულიანი, შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე თელაველთა ამერიკელმა ლეგიონერმა ჰავიერ ნიუსონმა ესროლა, თუმცა ააცილა. ნიუსონმა ბოლო პერიოდში რამდენიმე გარღვევა და შორი სროლა ჩაადო და გადაწყვიტა, საქმე ბოლომდე მიეყვანა, თუმცა… ნიკა ჩაველაშვილის გაწვრთნილი თელაველები ბრძოლაში, ღირსეულად დამარცხდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გუნდები მონაცვლეობით ახორციელებდნენ გაქცევებს და წინ გაჭრილი გუნდი უკან რჩებოდა, თუმცა შემდეგ ისევ წინ გადიოდა და ბოლოს ყველაფერი ერთმა სროლამ გადაწყვიტა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა ბოლო ეპიზოდში უკეთესად ითამაშეს დაცვაში, ხოლო გამარჯვების ბურთი გიორგი რევაზაშვილმა საშუალო დისტანციიდან და ტარიელ ზუზაძემ – საჯარიმოდან ჩააგდეს.

გამარჯვებულთაგან 18 ქულით, 7 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო იყო დევონ კოლი. 13 ქულა და 5 მოხსნა რიჩარდ მათიაშვილმა დააგროვა, გიორგი რევაზაშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. თელაველთაგან 17 ქულითა და 7 მოხსნით ნიუსონი გამოირჩა. 12 ქულა და 6 მოხსნა ზაზა გაგნიძის ანგარიშზეა. 

“ა” ლიგის მორიგი მატჩი 13 თებერვალს გაიმართება: “კავკასია” სპორტუნის წინააღმდეგ.