ბითაძის 6 ქულა, 5 მოხსნა და ინდიანელთა უიმედო მარცხი მილუოკისთან

ბითაძის 6 ქულა, 5 მოხსნა და ინდიანელთა უიმედო მარცხი მილუოკისთან

ინდიანა პეისერსი, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, მილუოკი ბაქსთან უშანსოდ – 110:130 დამარცხდა. ქართველი ცენტრი ბოლო პერიოდში ათამაშეს, როცა მატჩის ბედი გარკვეული იყო. ქართველმა ცენტრმა 12:36 წუთი ითამაშა და ამ დროში 6 ქულის (3/3) და 5 მოხსნის (2 შეტევაში, 3 დაცვაში) დაგროვება შეძლო. გოგას 2 დაფარებაც ჰქონდა, სამიანი და საჯარიმო კი არ უსვრია. საბოლოოდ, მას +/- კოეფიციენტი +14 გამოუვიდა.

მასპინძლებს ინდიანას დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა არ დასჭირდათ – პირველი ტაიმის შემდეგ მილუოკი უკვე 17 ქულით იგებდა. იანისმა და კომპანიამ მესამე მეოთხედი 38:21 მოიგეს და მატჩის ბედიც ნაადრევად გადაწყდა. 40-ქულიანი უპირატესობის გამო ბოლო პერიოდს აზრი აღარ ჰქონია – უბრალოდ, ინდიანამ ცოტა უკეთესი ანგარიში დააფიქსირა.

საინტერესოა, რომ ინდიანას ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა მანამდე, 22:52 წუთში მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. ყველაზე პროდუქტიული კი დომანტას საბონისი გახლდათ 33 ქულით (14/25), რაც ლიეტუველის კარიერაში საუკეთესო შედეგია. მას 12 მოხსნა და 6 პასიც ჰქონდა.

მილუოკიმ 48 სამქულიანიდან 21 ჩააგდო. ბაქსიდან 10-ქულიანი ზღვარი ჯამში შვიდმა კალათბურთელმა გადალახა.

22 თამაშის შემდეგ, 12 გამარჯვებით და 10 მარცხით ინდიანა პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. იანისის გუნდს 13 მოგება და 8 წაგება აქვს – მილუოკი მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ფილადელფიას (118:111 შარლოტთან, ზედიზედ მე-4 გამარჯვება) 3 მოგებით ჩამორჩება.