ბურჯანაძის 14 ქულის მიუხედავად გრან კანარია სარაგოსასთან დამარცხდა

ბურჯანაძის 14 ქულის მიუხედავად გრან კანარია სარაგოსასთან დამარცხდა

დასანანი მარცხი განიცადა ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური ფაზის ჯგუფურ ეტაპზე, ბოლოსწინა ტურში აუტსაიდერ “სარაგოსას” შეხვდა და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალის საგზურს ხელშესახებად უახლოვდებოდა. ბოლო პერიოდამდე კანარელები ლიდერობდნენ კიდეც, თუმცა საბოლოოდ დასანანი მარცხი (76:85) განიცადეს, რაც, შესაძლოა, ჯგუფში ჩარჩენად დაუჯდეთ.

გრან კანარიას 4 მატჩიდან 2 მოგება და 2 მარცხი აქვს და 26 ივნისს ბოლო ტურში მასპინძელ ვალენსიას ხვდება. 

ბექა გრან კანარიას სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 21:47 წუთში 14 ქულა მოუტანა გუნდს და გრან კანარიაში მხოლოდ ოკოიეს (17 ქულა ჩამორჩა). ბექას ანგარიშზე 2 სამქულიანია, მან 4 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მიითვალა. 

ბურჯანაძის გუნდის მარცხით ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქისა და ჩვენი ნაკრების წევრ თად მაკფადენის “ბურგოსი”, რომელსაც 2 მოგების წილ 1 მარცხი აქვს და დღეს ღამე მასპინძელ ვალენსიას ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურნირი სულ სხვა ფორმატით განახლდა. 6-6 გუნდი ვალენსიაში შეიკრიბა და ორ ჯგუფად თამაშობს, ჩემპიონობისთვის ბრძოლას 2-2 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს. 

A ჯგუფში უკვე გადაწყდა, რომ შემდეგ ეტაპზე ბარსელონა და თორნიკე შენგელიას ბასკონია გავლენ. ასე რომ, ხუვენტუტთან მატჩში (25 ივნისი) შესაძლოა, მან მცირე ტრავმის გამო, დაისვენოს კიდეც. გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე უკვე გამოეთიშა ბრძოლას. 25 ივნისს ტენერიფე ბარსელონას ხვდება.