კავკასიამ მეგას მოუგო და “ა” ლიგას სამი გამარჯვებით ლიდერობს

კავკასიამ მეგას მოუგო და “ა” ლიგას სამი გამარჯვებით ლიდერობს

“ა” ლიგის გათამაშება ჩვეული დაძაბულობით გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. კავკასიამ დაძაბულ ბრძოლაში – 87:83 (სტატისტიკა) დაამარცხა “მეგა” და ცხრილში ლიდერობა გაიმყარა. 

ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა გამარჯვება დრამატულ ფინალში მოიპოვეს. არადა, თამაში ისე დაიწყო, მეგას უპირატესობა აშკარა იყო. შეხვედრის პირველ პერიოდში გუგა პატარაიას გაწვრთნილი გუნდი 24:9 იგებდა, ხოლო მეორეში 17 ქულითაც გალიდერდა და ყველა პირობა ჰქონდა საიმისოდ, რომ “ა” ლიგაში მეორე გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა კავკასიამ ბოლომდე ბრძოლის მაგალითი აჩვენა. სწორი ტაქტიკითა და მოედანზე გამართული მოქმედებებით კავკასიელებმა ჩამორჩენის შემცირება იწყეს. დიდ შესვენებამდე სხვაობა 9 ქულამდე შემცირდა და დადგა მესამე პერიოდის ჯერი, როცა კავკასიელებმა საბოლოოდ გაშალეს ფრთები. 

მესამე ათწუთეულის 10 ქულით (24:14) მოგების შემდეგ კავკასია დაწინაურდა, რის შემდეგაც თანაბარი ბრძლა გაჩაღდა. ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო პერიოდის მიწურულს კავკასიელებმა ხელჩასაჭიდი, 8-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს. ეს  დევონ კოლის სამქულიანის შემდეგ მოხდა, თუმცა მეგას კალათბურთელებმა შეძლეს შანსის მოპოვება. მათ ჩამორჩენა 2 ქულამდე – 83:85 შეამცირეს და შეხვედრის დასრულებამდე 27 წამით ადრე შეტევაც წამოიწყეს. საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე ლუკა გიორგაძემ სამქულიანით სცადა მეგას დაწინაურება, მაგრამ ვერ ჩააგდო, ბურთი მისმა თანაგუნდელმა, ვასო კუტალაძემ მოიპოვა, რომელსაც კავკასიელებმა ფარქვეშ დააფარეს. ტაქტიკური ჯარიმა და ტატო ზუზაძემ ორივე საჯარიმო ჩააგდო, კავკასია 87:83 დააწინაურა და წივწივაძის გუნდი მიუწვდომელი გახადა.

გამარჯვებულებს 22 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით დევონ კოლიმ ულიდერა. 13 ქულა და 9 მოხსნა შენონ ფაულერმა მიითვალა, ტატო ზუზაძის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა. მეგაში 33 ქულა ჰქონდა ასტონ ფრენსისს. 12-12 ქულა ჯერმეინ მეროუმ და ტრევონდ ბარნსმა მიითვალეს.

დღეს მეორე შეხვედრაცაა. სპორტუნი ზესტაფონის წინააღმდეგ.