ოლიმპმა ქუთაისში იმარჯვა, დინამო ბათუმში დამარცხდა

ოლიმპმა ქუთაისში იმარჯვა, დინამო ბათუმში დამარცხდა

სუპერლიგის მორიგი ტურის 2 მატჩს რეგიონებმა უმასპინძლეს. თამაშები გაიმართა ქუთაისსა და ბათუმში, სადაც სათამაშოდ შესამაბისად ოლიმპი და დინამო ჩავიდნენ. ქუთაისელებს ისევ საკადრო პრობლემები აწუხებთ. კოტე ტუღუშის გუნდმა წინა ტურში 3 ლეგიონერის გარეშე ითამაშა და ვერასთან 25 ქულით დამარცხდა. დღეს კი ქუთაისელებმა კვლავ 3 უცხოელის გარეშე ითამაშეს და “ოლიმპთან” 77:92 (სტატისტიკა) წააგეს.

ტრავმის გამო იმერულ კლუბს დე ჟუან რაითი, რაჰიმ რენსომი და ლიუკ მოიერი ვერ დაეხმარნენ. მასპინძლებმა პირველ პერიოდში ოლიმპელებს ტოლსწორად ებრძოლნენ, თუმცა მეორე ათწუთეულიდან დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა იძალა. ოლიმპის კალათბურთელებმა უპირველესად გუნდური თამაშისა და კარგი დაცვის ხარჯზე მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ და საბოლოოს 15-ქულიანი მოგება გაიფორმეს.

ოლიმპში 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთა შორისაც ყველაზე მეტი – 17 ქულა – კახა ჯინჭარაძემ მიითვალა. 15 ქულა და 11 მოხსნა დევანტე ფოსტერის, ხოლო 13 ქულა და 9 მოხსნა დონოვან სმიტის ანგარიშზეა. ქუთაისში 27 ქულით ჟოელ ალმეიდა გამოირჩა, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე კი 13 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა.

რაც შეეხება ბათუმში გამართულ შეხვედრას, ქუთაისისგან განსხვავებით, მასპინძლებმა იმარჯვეს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა აჭარულმა გუნდმა მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი დინამო 102:96 (სტატისტიკა) დაამარცხა. ეს გუნდები ბოლო პერიოდში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. თასის მერვედფინალში 2 მატჩის ჯამში დინამომ დაძაბულ ბრძოლაში – 1 ქულით იძალა და მეოთხედფინალში გავიდა. ამჯერადაც გვარიანი ბრძლა გაიმართა, რომელიც აჭარული კლუბის გამარჯვებით დასრულდა. 

ბათუმელთაგან საუკეთესო შედეგი ნიკოლა ვუიოვიჩმა დააფიქსირა – 16 ქულა, 12 მოხსნა და 6 პასი. 21 ქულით ბომბარდირი ანტუან ჯონსონი გახდა, ხოლო 20 ქულა ლევან ბაბილოძის ანგარიშზეა. დინამოელთაგან  საუკეთესო შედეგი ლუკა ბულაშვილმა დააფიქსირა – 36 ქულა, 5 მოხსნა, 5 ჩაჭრა. ტაილერ უილიამსის ანგარიშზე 23 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა დაგროვდა. 

სუპერლიგის მომდევნო მატჩები 12 და 13 თებერვალს გაიმართება.