ორბი თელავში ბურჯთან დამარცხდა

ორბი თელავში ბურჯთან დამარცხდა

გუშინ თბილისში დაწყებული “ა” ლიგის მე-3 ტური დღეს თელავში დასრულდა. ადგილობრივმა გუნდმა “ბურჯმა” თბილისური “ორბი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში – 79:75 (სტატისტიკა) დაამარცხა. თელაველებმა მეტოქე ბოლო წუთზე გატეხეს, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. 

პირველი ნახევარი 37:37 დასრულდა, ხოლო მესამე პერიოდის წინ ანგარიში კვლავ საყაიმო – 57:57 იყო. შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ორბი ქულით იგებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მასპინძლები აღმოჩდნენ მოწოდების სიმაღლეზე. საფინალო სირენამდე 70 წამით ადრე ზაზა გაგნიძემ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. თელაველებმა ნიკა ლოლიშვილს ჩაუჭრეს და ნიკოლოზ დოლიძემ ზუსტი გარღვევით მასპინძლები 77:75 დააწინაურა. 

თამაშის ბედი მაშინ გადაწყდა, როცა ორბის ამერიკელმა ლეგიონერმა, არმანი ფლანინგანმა სროლა გააცუდა, ხოლო თავისივე მოხსნილი ბურთი დაკარგა და თელაველი მაურას ხუანი საჯარიმოს ხაზზე დადგა. ამერიკელმა ლეგიონერმა ორივე სროლა ჩააგდო და დარჩენილ 12 წამში თელავური გუნდი მეტოქისთვის მიუწვდომელი გახადა.

გამარჯვებულებს 19 ქულით უნრუჰ სმიტმა ულიდერა. 17 ქულა და 7 პასი მაურას ხუანმა, ხოლო 14-14 ქულა ზაზა გაგნიძემ და ჰავიერ ნიუსონმა მიითვალეს. ორბში 28 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ჯორდან უოლკერი. არმანი ფლანინგანმა 12 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ნიკა ლეონიძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.

“ა” ლიგის მორიგი მატჩები 7 მარტს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: ორბი – კავკასია 13:00, მეგა – ბურჯი 15:00