საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე 1/2-ფინალისტები დაწყვილდნენ: ქუთაისი – ბათუმი, მეგა – ვერა

საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე 1/2-ფინალისტები დაწყვილდნენ: ქუთაისი – ბათუმი, მეგა – ვერა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ. პლეი ოფში გუშინ გასულ “მეგას” დღეს “ბათუმი”, “ვერა” და “ქუთაისი” – ამ თანმიმდევრობით შეუერთდნენ. 

C ჯგუფი რუსთავი – ვერა 85:91 (სტატისტიკა+სრული ვიდეო)

დიდი ბრძოლა გაიმართა “ვერასა” და “რუსთავს” შორის. ამ გუნდებს ჯგუფის პირველი მატჩები მოგებული ჰქონდათ და პირველ ადგილზე გამსვლელის ვინაობა პირად შეხვედრაში უნდა გაერკვიათ. მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელიც ვერელების გამარჯვებით დასრულდა. 

უხვქულიანი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი გაიჭრებოდა წინ, ხანაც – მეორე. გუნდები პერიოდებს მონაცვლეობით, დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა ჯამში ვერელებმა იძალეს. პირველი ათწუთეული რუსთაველებმა 29:21 მოიგეს, მომდევნო პერიოდი კი ვერელების უპირატესობით – 32:20 დასრულდა, რის შემდეგაც ისევ ქვემოქართლელთა ჯერი დადგა: 26:12 და ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი ბოლო პერიოდის დასაწყისში 14 ქულით დაწინაურდა – 79:65.

შესაძლოა, აქ რომელიმე გუნდს ფარ-ხმალი დაეყარა, მაგრამ არა “ვერას”. ეს გუნდი ცნობილია თავისი ბრძოლისუნარიანობით და ეს თვისება კიდევ ერთხელ გამოავლინეს. დარჩენილ 8 წუთში ვერელებმა დარელ ბრაუნის წინამძღოლობით მოახერხეს ჩამორჩენის გაბათილებაც და წინ გასვლაც. აღსანიშნავია ახალგაზრდა ბორის თორთლაძისა და ამერიკელი სნაიპერის – ზაკ სელიასის შედეგიანი თამაში გადამწყვეტ წუთებში, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ “ვერამ” გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. 

გამარჯვებულებს 31 ქულით, 16 მოხსნითა და 6 პასით ზაკ ელიასმა ულიდერა. 30 ქულა, 6 პასი და 5 ჩაჭრა დარელ ბრაუნმა მიითვალა, ხოლო გიორგი ბიგანაშვილმა და გიორგი გოგუამ შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს. “რუსთავში” 19 ქულითა და 21 მოხსნით საუკეთესო იყო რაჰიმ ჯონსონი, 19 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი კრისტიან კილინგმა დააგროვა. 

“ვერა” ნახევარფინალში “მეგას” დაუპირისპირდება. შეხვედრა 23 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში, 15:30 საათზე გაიმართება. 

A ჯგუფი ქუთაისი – ტიტები 88:78 (სტატისტიკა+სრული ვიდეო)

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას თასის მოქმედი მფლობელი “ქუთაისი” ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს. პირველ ტურში ცხუმ-აფხაზეთის 17 ქულით დამარცხების შემდეგ კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს ჯგუფიდან გასასვლელად მარტივი გზა ჰქონდა დარჩენილი. იმერულ კლუბს “ტიტებთან” 13 ქულით არ უნდა წაეგო. 12 და ნაკლები ქულით დამარცხება კი ხელს აძლევდა, ჯგუფში პირველ ადგილზე რომ გასულიყო. 

ქუთაისელებმა ამოცანა იოლად შეასრულეს. არათუ წააგეს, 10 ქულით იმარჯვეს და საკუთარ ქალაქში დანიშნული ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ხვალ, ნახევარფინალურ მატჩში “ბათუმის” ძლევა სჭირდებათ. არადა, “ტიტებმა” ქუთაისელებს მიმდინარე სეზონში ორჯერ – დუდუ დადიანის მემორიალის ფინალსა და სუპერლიგის მე-8 ტურში მოუგო. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილ “ტიტებს” ამჯერად რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მათ შორის ძირითადი გამთამაშებელი, ისააკ ასრატი აკლდა, თუმცა გუნდმა მაინც ღირსეულად იბრძოლა და გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. 

თუმცა ლეჟავას გუნდს 13 ქულით მოგება სჭირდებოდა და როცა ბოლო პერიოდში ქუთაისი წინ გაიჭრა, ჯგუფიდან გამსვევლის ვინაობა გაირკვა. ქუთაისელებს ნახევარფინალში გასვლაზე არანაკლებ უხარიათ ახალი ლეგიონერის შემატება, რომელიც უბადლო მსროლელია და “ტიტებს” დღეს 9-დან 5 სამქულიანი, ჯამში კი 24 ქულა ჩაუგდო. სოლიდური, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა აკაკი დვალიშვილმა – 20 ქულა, 12 მოხსნა. 16-16 ქულა გიორგი კორსანტიამ და ჯარვის რეიმ მიითვალეს. ტიტებში 30 ქულით საუკეთესო იყო ჯორდან რობერტსონი, 13 ქულა კრის მაკნილმა მიითვალა.  

“ქუთაისისა” და “ბათუმის” ნახევარფინალური მატჩი ხვალ, 23 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში, 13:00 საათზე გაიმართება.

B ჯგუფი თსუ – კაკტუსი 0:20

კოვიდ-რეგულაციების გამო, თსუ-მ ვერ მოახერხა მატჩის ჩატარება და გუნდს “კაკტუსთან” დებულების თანახმად ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. ამ ჯგუფიდან კი “მეგა” გავიდა, რომელმაც ნახევარფინალის საგზური ორივე გუნდის ძლევით, გუშინ გაინაღდა.