ზაზა ფაჩულია უქმეებზე: 1 მოგება და 1 წაგება

გასულ უქმეებზე ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსმა” ორი მატჩი ჩაატარა.“ჰოქსი” ჯერ შინ “ჰიუსტონს” შეხვდა და იაო მინის გარეშე მყოფ ოპონენტს 105:99 მოუგო. ფაჩულიას მონაგარი 31 წუთში 12 ქულა და 7 მოხსნა იყო. ზაზამ ასევე ერთი დაფარება დააგროვა. მასპინძელთა შორის 31 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯო ჯონსონი იყო, ხოლო ტრეისი მაკგრეიდიმ კი “ჰიუსტონში” თავი 37 ქულით გამოიჩინა.
შემდეგ მატჩში ზაზა და მისი თანაგუნდელები ასევე შინ თამაშობდნენ. მათი მეტოქე სტივ ნეშის “ფინიქსი” იყო. არაჩვეულებრივად ითამაშა სტუმართა ცენტრმა ამარე სტაუდმაიერმა, რომელმაც 43 ქულით ამ სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა. ამასთან, მან მატჩი 16 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემითაც დაასრულა. საბოლოოდ, სტუმრებმა 115:106 მოიგეს, ფაჩულიამ კი ზედმეტი ფოლების გამო მხოლოდ 7 წუთი ითამაშა და ამ დროში თავი 6 ქულითა და 2 მოხსნით (ორივე შეტევაში) გამოიჩინა.
ატლანტა – ჰიუსტონი 105:99 (29:28, 21:17, 24:28, 31:26)
ატლანტა – ფინიქსი 106:115 (24:38, 29:22, 32:30, 21:25)
ატლანტა ჰოქსი: 56 მატჩი, 22 მოგება, 34 წაგება.