“ა” ლიგის მე-8 გათამაშება 3 მატჩით დაიწყო

“ა” ლიგის მე-8 გათამაშება 3 მატჩით დაიწყო

დღეს დაიწყო საკალათბურთო “ა” ლიგის მე-8 გათამაშება. ეს კი ნიშნავს, რომ 8 წელია, რაც საქართველოში რანგით მეორე ლიგა არსებობს, საიდანაც გუნდებს, წარმატების შემთხვევაში შანსი აქვთ, სუპერლიგაში გადავიდნენ. ტრადიციულად, “ა” ლიგაში 6 მონაწილეა, რომლებიც პირველობისთვის იბრძვიან. სწორედ გამარჯვებულს ერგება სუპერლიგის საგზური, ხოლო “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდს უმაღლესში გადასვლის შანსი რჩება – საკვალიფიკაციო რაუნდში სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასულ გუნდს ხვდება და წარმატების შემთხვევაში სუპერლიგაში მის ადგილს იკავებს.

“ა” ლიგის 6 გუნდი რეგულარული ჩემპიონატის ეგიდით ერთმანეთში ორ წრეს ითამაშებს და 10 ტურის შემდეგ 4 საუკეთესო პლეი ოფში გადაინაცვლებს. ბოლო ადგილზე გასული გუნდი ლიგიდან გავარდება და მის ადგილს სტუდენტური ლიგის გამარჯვებული დაიკავებს, ხოლო მე-5 ადგილზე გასულს “ა” ლიგაში ადგილის შენარჩუნება მომავალი სეზონის წინ, საკვალიფიკაციო რაუნდში მოუწევს.

ორბი – ასტრალი 79:74 (სტატისტიკა+სრული ვიდეო)

ყოველ ტურში 3 მატჩი გაიმართება. დღევანდელ მატჩებს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. პირველ შეხვედრაში “ა” ლიგის დებიუტანტმა “ასტრალმა” “ორბთან” წააგო. სოლიდური გამოცდილების მქონე ორბელებმა დიდი ამბიციის მქონე ასტრალელები დაძაბულ ბრძლაში, მცირე სხვაობით დაამარცხა. 

არადა, ასტრალი დებიუტშივე დაწინაურდა და კარგა ხანს ლიდერობდა. თამაშ-თამაშ ორბის კალათბურთელებმა ალღო აუღეს მეტოქეს, დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე დაწინაურება მოახერხეს და გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდნენ. 

ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჯამალ რაითს, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი მოაგროვა. 21 ქულა ჯეიკ დენიელსის ანგარიშზეა. “ასტრალში” 18 ქულით საუკეთესო იყო მამუკა ბაზუაშვილი, 14 ქულა და 11 მოხსნა ევან მილიგანმა მიითვალა.

მარგვეთი – გთსუ 90:104 (სტატისტიკა+სრული ვიდეო)

საკალათბურთო კლუბი “მარგვეთი” გახლავთ გუნდი, რომელიც “ა” ლიგის გასულ გათამაშებაში “ზესტაფონის” სახელით გამოდიოდა. მარგვეთელებმა პირველი ტურის მატჩი “ა” ლიგის დებიუტანტ გთსუ-თან (გურამ თავართქილაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დათმეს. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა შარშან სტუდენტური ლიგა მოიგო და ამის ხარჯზე მოხვდა აღნიშნულ ჩემპიონატში. 

სტუდენტურმა გუნდმა დიდებულად ითამაშა. ოთხივე ლეგიონერმა გუნდს დიდი დახმარება გაუწია, თუმცა გამოსარჩევია ჯამანი პირსისა და კოლინ ტერნერის შედეგიანობა. პირველმა 26 ქულა მიითვალა, ხოლო ტერნერმა 8 ცდიდან 6 სამიანი და მთლიანობაში 25 ქულა ჩააგდო. “მარგვეთში” საუკეთესო იყო ჯარეტ ჰენდერსონი – 21 ქულა, 15 მოხსნა. 24 ქულით ბომბარდირი ნიკო ბივენსი გახდა. 

მგზავრები – კავკასია 50:111 (სტატისტიკა+სრული ვიდეო)

ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ ეს იყო უთანასწორო მატჩი, რომელშიც ერთ გუნდს ყველაფერი გამოსდიოდა, ხოლო მეორეს თითქმის არაფერი. არადა, ეს მეორე გახლავთ შარშან და წინა წლებში სუპერლიგაში მოთამაშე “მგზავრები”, რომელიც “ა” ლიგაში დაქვეითდა. ირაკლი მაისურაძისა და ლაშა თოიძის გაწვრთნილი გუნდი ლეგიონერის გარეშე ასპარეზობს, ხოლო გუნდის სრული შემადგენლობა ახალგაზრდა კალათბურთელები არიან.

ბექა წივწივაძის გაწვრთნილი “კავკასია” სუპერლიგაში გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატია, 4 ამერიკელი ლეგიონერი და გამრჯე ქართველი კალათბურთელები ჰყავს და აუტსაიდერის დამარცხება არ გასჭირვებია. 7-მა კავკასიელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ბომბარდირი 23 ქულით მაიკ ბალოგანი გახდა. 

შემდეგი ტურის 3 მატჩი  30 იანვარს გაიმართება: კავკასია – გთსუ, ასტრალი – მარგვეთი, მგზავრები – ორბი.