ოლიმპმა ვერა ბრძოლაში დაამარცხა და ცხრილში მე-4 ადგილზე დამკვიდრდა

ოლიმპმა ვერა ბრძოლაში დაამარცხა და ცხრილში მე-4 ადგილზე დამკვიდრდა

ოლიმპმა სუპერლიგაში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში მე-4 ადგილამდე აღზევდა, თუმცა დღევანდელი გამარჯვება დიდ წვალებად და ნერვიულობად დაუჯდა. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილ ვერას მეტი წინდახედულობა რომ გამოეჩინა, ოლიმპს დაამარცხებდა, თუმცა ის ლიდერობა, რომელსაც მეორე პერიოდში ფლობდა, გაანიავა და ბოლო წუთზე, როცა თამაშის ბედს ერთი სროლა წყვეტდა, აღარ გაუმართლა. 

მატჩის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე ლუკა ზაქრაძის გარღვევით ვერა 79:75 დაწინაურდა, რის შემდეგაც გიორგი ტურძილაძემ ორჯერ იხეირა სამწამიანი ზონიდან და ანგარიში საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე გაათანაბრა. აქ გუნდებმა ორმხრივ შეცდომებს მიჰყვეს ხელი. 1 წუთის განმავლობაში ვერც ერთმა ვერ იხეირა, თუმცა საბოლოოდ დრუ კუქსჰაუსენმა სამქულიანით ოლიმპი 82:79 დააწინაურა. 

მომდევნო შეტევაში ვერელმა ჯამირ კოულმენმა სამქულიანით სცადა ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ააცილა და ბურთი მისმა თანაგუნდელმა, ვახტანგ გოგბერაშვილმა მოხსნა. უაღრესად საჭირო შეტევაში ლუკა ზაქრაძემ ბურთი დაკარგა და ბურთს ლუკა ლიკლიკაძე დაეუფლა. თუმცა ოლიმპმა შეტევაში ვერ ივარგა, კუქსჰაუსენმა სწრაფი გარღვევა გააცუდა და ვერას -3 და გასათანაბრებლად 1 წამი დარჩა. 

პერიმეტრზე მარტო დარჩენილი მიხეილ ჭოჭუა თანაგუნდელებმა კარგად მოძებნეს, თუმცა ვეტერან კალათბურთელს, რომელმაც მანამდე 2 ძალიან საჭირო სამიანი მიითვალა, გამთანაბრებელი სროლა საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე ააცილა და ვერელთა იმედებიც აქ დაიფერფლა. ვერლთა მიერ განზრახ აღებული ჯარიმითაც იხეირეს და ოლიმპელებმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 84:79 (სტატისტიკა).

გამარჯვებულთაგან 26 ქულით დრუ კუქსჰაუსენი გამოირჩა, რომელმაც 14 ცდიდან 7 სამქულიანი ჩააგდო. ლინტონ ესლაისმა 19 ქულა დს 7 მოხსნა მოაგროვა, 8 ქულა კი ერთბაშად 4-მა ოლიმპელმა მოაგროვა – ლიკლიკაძემ, ტურძილაძემ, თავაქარაშვილმა და კალატოზიშვილმა. ვერელთაგან 25 ქულითა და 15 მოხსნით ჯამირ კოულმენი იყო საუკეთესო, ლუკა ზაქრაძემ კი 15 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, თუმც ბურთიც 7-ჯერ დაკარგა.

სუპერლიგის მე-7 ტურის მატჩები 6 და 7 დეკემბერს გაიმართება. 

P.S. საკალათბურთო კლუბი ოლიმპი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ქალთა ძალოდობის წინააღმდეგ მიმართულ აქციას შეუერთდა და მატჩის დაწყებამდე, ეროვნული ჰიმნის შესრულებისას, დამსწრეთა წინაშე აქციის შესაბმისი სლოგანითა და ტრადიციად ქცეული უკრაინის დროშით წარსდგა.