ქართველ მსაჯებს მორიგი ონლაინ-სემინარი ოლეგს ლატიშევსმა ჩაუტარა

ქართველ მსაჯებს მორიგი ონლაინ-სემინარი ოლეგს ლატიშევსმა ჩაუტარა

კორონავირუსით გამოწვეული საკარანტინე პერიოდი ქართველმა მსაჯებმა საკმაოდ სასარგებლოდ გამოიყენეს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მსაჯთა კავშირის ძალისხმევით არბიტრებს თეორიული ცოდნის ამაღლებისა და ამ დარგის წამყვან სპეციალისტებთან შეხვედრის შესაძლებლობა ხშირად ჰქონდათ.

ფიბა-ს სპეციალური პროგრამით (SCOD) ქართველ მსაჯებს სამი ონლაინ-ლექცია ჩაუტარდათ, რომლებსაც პოლონელი და ბერძენი ინსტრუქტორები – შესაბამისად გრეგორი ზემბლიცკი და გიორგიოს პურსანიდისი უძღვებოდნენ. აღნიშნული პროგრამის გარდა, ქართველ მსაჯებს ონლაინ-ლექციებს უტარებდნენ ევროპის წამყვანი არბიტრები, რომლებთან კონფერენციასაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინსტრუქტორი, დრაგან ნეშკოვიჩი ათანხმებდა. ილია ბელოშევიჩი, სრეტან რადოვიჩი, საშა პულკი და ბოლოს, ოლეგს ლატიშევსი. ყველა ეს მსაჯი ევროლიგის წამყვანი არბიტრია და  მათ ონლაინ-ლექციების საშუალებით ქართველ მსაჯებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

ლექციების სერია გუშინ, ლატვიელ ოლეგს ლატიშევსთან ონლაინ-კონფერენციით დასრულდა. ევროლიგის წამყვანმა არბიტრმა ისაუბრა ჟესტიკულაციებზე, მსაჯთა შორის ურთიერთობაზე და ყველა იმ დეტალზე, რაც მოედანზე არავერბალურ კომუნიკაციას უკავშირდება. პროფესიული თემების შესახებ ევროპის წამყვანი არბიტრის საუბარი ქართველი მსაჯებისთვის ძალიან საინტერესო  და სასარგებლო გამოდგა. ლექციის შემდეგ, ცხადია, ლატიშევსმა ქართველი მსაჯების კითხვებს უპასუხა. 

დრაგან ნეშკოვიჩის განცხადებით, მომავალ კვირაში იგეგმება მსაჯებთან შეხვედრების განახლება და პროფესიული ვიდეო და თეორიული მასალების განხილვა.