საქართველოს ნაკრების დილის ვარჯიში და ილიას ზუროსის მატჩისწინა კომენტარი

საქართველოს ნაკრების დილის ვარჯიში და ილიას ზუროსის მატჩისწინა კომენტარი

საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან მატჩის დღეს, დილის 11:00 საათზე ვარჯიში გამართა. ქალაქ ესპოოს METRO არენაზე ილიას ზუროსმა დრო უმეტესად კომბინაციების დამუშავებას დაუთმო, მოთამაშეები მცირედით მოითელენ და აქამდელთან შედარებით, ფარში უფრო მეტად ესროლეს.

თორნიკე შენგელიამ სრულფასოვნად ივარჯიშა, თუმცა მას მხოლოდ სროლების განხორციელება და კომბინაციების გათამაშება მოუხდა. რამდენიმე მოთამაშემ თორნიკე შენგელიასთან ერთად პირველად ივარჯიშა არათუ ნაკრებში, არამედ – საერთოდ. ილიას ზუროსმა მატჩისწინა კომენტარში (რომელსაც ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში შემოგთავაზებთ) სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი, რომ არაერთი ახალგაზრდა დებიუტანტია გუნდში და შესათამაშებლად საკმარისი დრო არ იყო. თუმცა ბერძენი სპეციალისტი, როგორც ყოველთვის, ბოლომდე ბრძოლას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპასკეტზე თამაში გარანტირებული აქვს, თუმცა სერბეთისა და შვეიცარიის დამარცხებით ჯგუფში ორიდან 2 მოგებით ლიდერობს. საქართველოსა და ფინეთის დაპირისპირებამდე ფინეთის ქალაქ ესპოოში ჩვენი ჯგუფის დანარჩენი გუნდების – სერბეთისა და შვეიცარიის დაპირისპირება შედგება.

ფინეთისა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას  საქართველოს პირველი არხი განახორციელებს www.1tv.ge.

უგულშემატკივრეთ კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს!