შერმადინის 17 ქულა სარაგოსასთან და ტენერიფეს გამარჯვება ოვერტაიმში

შერმადინის 17 ქულა სარაგოსასთან და ტენერიფეს გამარჯვება ოვერტაიმში

ბექა ბურჯანაძის გუნდის მსგავსად, ოვერტაიმში მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარმაც”.

ტენერიფელები პირველ ტურში შერმადინის ერთ-ერთ ყოფილ კლუბ სარაგოსას შეხვდნენ და ოვერტაიმში 91:86 იმარჯვეს.

ქართველი ცენტრი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:24 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ტენერიფელთა რიგებში საუკეთესო ურუგვაელი ბრუნო ფიტიპალდო იყო 23 ქულით, ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა 17 ქულა ჩააგდო, კანადელმა აარონ დორნეკამპმა კი – 16.

იბეროსტარ ტენერიფე მე-2 ტურის მატჩს 23 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც ბილბაო ბასკეტს ესტუმრება. 25 სექტემბერს ელის მომდევნო შეხვედრა ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას, რომელმაც სასტარტო ტურში სწორედ ბილბაოელებს 107:102 სძლია, ბექამ კი 14 ქულა მიითვალა. კანარელები თად მაკფადენის ბურგოსს ესტუმრებიან.