შვეიცარიასთან მატჩის წინა დღეს მწვრთნელებმა ნაკრები მსუბუქად ავარჯიშეს

შვეიცარიასთან მატჩის წინა დღეს მწვრთნელებმა ნაკრები მსუბუქად ავარჯიშეს

ფინეთთან გამარჯვებულმა საქართველოს ნაკრებმა თამაშის მეორე დღეს ნაწილობრივ დაისვენა. ილიას ზუროსმა გუნდი ერთხელ, 16:00 საათზე ავარჯიშა და ისე, რომ ძალიან არ დაუტვირთავს. თორნიკე შენგელიას და მერაბ ბოქოლიშვილს არ გამოუცვლიათ, თანაგუნდელების ვარჯიშს მათ სათადარიგოთა სკამიდან ადევნეს თვალი.

საშიში არაფერია – თორნიკე შენგელია ექიმის რეკომენდაციით მწვრთნელებმა დაასვენეს, მერაბ ბოქოლიშვილმა კი ფინეთთან მატჩში საზარდული დაიჭიმა და ის თამაში ვერ ჩაამთავრა, თუმცა შვეიცარიასთან მატჩის განაცხადშია და სრული დატვირთვით ვერა, მაგრამ გარკვეული დროით შეძლებს საქართველოს ნაკრების დახმარებას.

სავარჯიშო ფორმაში, მოედანზე იყო, თუმცა უმეტესი დრო გაწელვებს დაუთმო და არ დატვირთულა გიორგი შერმადინი. ფინეთთან მატჩის ბომბარდირი ძალების აღსადგენად ექიმებმა სპეციალურად ავარჯიშეს. 

საქართველოს ნაკრებს რთული მეტოქე ჰყავს. შვეიცარიამ შაბათს შესუსტებული, თუმცა სერბეთის ნაკრები დაამარცხა, ილიას ზუროსმა კი ქართველ მოთამაშებს შვეიცარიელებთან თბილისური მატჩი შეახსენა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი გაჭირვებით, დამატებით დროში დაამარცხა. ვარჯიშიდან სასტუმროში დაბრუნებული საქართველოს ნაკრების წევრები მწვრთნელების მომზადებულ შვეიცარელთა თამაშების ვიდეო-განხილვას დაესწრნენ.

საქართველოს ნაკრებს თამაშის დღეს, 30 ნოემბერს, დილას ვარჯიში აქვს დაგეგმილი, შეხვედრა კი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.