ქალთა ლიგის თასის ფინალი ვეჯინმა მოიგო

ქალთა ლიგის თასის ფინალი ვეჯინმა მოიგო

ქალთა ლიგის 2 უმთავრესი პრიზი დასრულებული სეზონის ორმა ყველაზე გამორჩეულმა გუნდმა გაინაწილა. „ნაკრები-ბასტიონმა“ 3 დღის წინ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში „ვეჯინი“ დაამარცხა, გუშინ კი ამ უკანასკნელმა თასის ფინალში რევანჩი აიღო და ქალთა ლიგაში გათამაშებულ რანგით მეორე ტიტულს დაეუფლა.
თასის ფინალში ტრადიციულად სეზონის 2 საუკეთესო გუნდი – ჩემპიონატის ფინალისტები ვდებიან. „ვეჯინი“ და „ნაკრები-ბასტიონი“ აწ უკვე გასული სეზონის საუკეთესო გუნდები იყვნენ და წაგებები მხოლოდ ერთმანეთთან განიცადეს. ქალთა ლიგის მონაწილე კიდევ ორმა გუნდმა – „ქუთაისმა“ და „ახმეტამ“ ფავორიტებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

თასის ფინალი ჩემპიონატის ფინალის მსგავსად დაძაბული ვერ გამოდგა. ჩემპიონატის სატიტულო მატჩში 2 დამატებითი დრო დაინიშნა, თასის ფინალში კი „ვეჯინმა“ ძირითად დროში – 71:58 მოუგო „ნაკრები-ბასტიონს“ და ტიტულს დაეუფლა.
საბოლოოდ 13-ქულიანი სხვაობა კი დაფიქსირდა, თუმცა მთლიანად მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ლელა ცანავას გაწვრთნილი „ნაკრები-ბასტიონი“ მეტოქეს არ რჩებოდა და არაერთხელ, მატჩის მსვლელობისას დაწინაურდა კიდეც. გადამწყვეტ მომენტში ვეჯინელთა გამოცდილებამ გაჭრა და ნატალია ჩიკვაიძის გაწვრთნილი ვეჯინელები გამარჯვებამდე მივიდნენ.
თასის მფლობელებს ხათუნა საჯაიამ ულიდერა, რომელმაც 28 ქულა მიითვალა. 17 ქულა მიითვალა ნათია ფუტკარაძემ, ხოლო გამარჯვებულებს 15 ქულა ანა მაისურაძემ შესძინა. „ნაკრები-ბასტიონში“ ტრადიციულად ნატალია ოთხმეზური გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა. მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. თასის მფლობელები სიგელებით ვეტერანმა კალათბურთელმა ანტონ კაზანჯიანმა და ფედერაციის ქალთა კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა ვალენტინ დერიუგინმა დააჯილდოვეს.
ტრადიციულად, თასის ფინალის შემდეგ გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა. აღნიშნული ტიტული „ნაკრები-ბასტიონის“ ლიდერ ნატალია ოთხმეზურს ერგო, რომელსაც საგანგებო პრიზივალენტინ დერიუგინმა გადასცა.
დაბოლოს, საჩემპიონო თასი ვეჯინელთა კაპიტანმა, ხათუნა საჯაიამ ვეტერანი ქალი კალათბურთელისგან, ნატო ლორიასგან ჩაიბარა და ამ ეპიზოდით ქალთა ლიგის წლევანდელი გათამაშება დასრულდა.