ესპანური ლიგის MVP: დონჩიჩმა შენგელიას მცირედით აჯობა

ესპანური ლიგის MVP: დონჩიჩმა შენგელიას მცირედით აჯობა

ესპანეთის ჩმპიონატის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვა დასრულდა. სამწუხაროდ, “ბასკონიას” ქართველმა ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ მთავარი ტიტული ვერ მოიგო. ის საბოლოოდ მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო პირველობა და MVP-ის ტიტული რამდენიმე დღის წინ ევროლიგის საუკეთესოდ დასახელებულ სლოვენიელს, მადრიდის “რეალის” ვუნდერკინდ ლუკა დონჩიჩს ერგო.

19 წლის დონჩიჩმა შენგელიას მხოლოდ 5 ქულით გაასწრო. ესპანური ლიგის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ქომაგები, მასმედიის წარმომადგენლები, თავად მოთამაშეები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ და მათი აზრით საუკეთესოებს 25 ქულას უწერდნენ, შემდეგ კი, 15, 10 და 5 ქულა მოდიოდა.


საინტერესოა, რომ კალათბურთელებმა პირველ ადგილზე სწორედ შენგელია დააყენეს და თორნიკემ დონჩიჩს ქომაგთა აზრითაც აჯობა, თუმცა, სლოვენიელს დანარჩენ ორ გრაფაში ჩამორჩა და საბოლოოდ, გამოკითხვა 70:75-ზე დათმო.

შენგელიასთვის მიმდინარე სეზონი კარიაერაშიყველაზე შედეგიანი იყო. ის ევროლიგისა და ესპანეთის ლიგის სიმბოლურ ხუთულებში მოხვდა, ხოლო ევროპაში უძლიერესად მიჩნეულ ესპანურ ლიგაში მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა. სლოვენიელი კალათბურთელის გადასწრება ურთულესი საქმე გახლდათ, რადგან საერთო აზრით, სწორედ დონჩიჩმა მოაგებინა მადრიდელებს ევროლიგა, ხოლო კარსამომდგარ ნბა-ს დრაფტში სლოვენიელს პირველ ნომრად არჩევას უწინასწარმეტყველებენ.