იდენტური შედეგების მქონე “ზაზა”, “ჰიუნდაი” და “იბერი” ბალტიის U13 ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ

იდენტური შედეგების მქონე “ზაზა”, “ჰიუნდაი” და “იბერი” ბალტიის U13 ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ

ლატვიაში დასრულდა ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე – დასკვნითი წრე, რომელშიც სამმა ქართულმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და სამივე შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სპეციალური პროგრამით ხელს უწყობს წარმატებულ ახალგაზრდულ კლუბებს კიდევ უფრო განვითარებაში და მათ საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობისთვის თანადაფინანსებას უწევს. ამ პროგრამით გასული ოქტომბრიდან ბალტიის ლიგაში ასპარეზობენ წინა სეზონის Junior NBA – საქართველოს ლიგის სამეულის გუნდები – “ზაზა” და “თბილისი ბასკეტ იბერი”, ხოლო “ჰიუნდაი” აღნიშნულ ლიგაში მეორე წელია, საკუთარი სახსრებით მონაწილეობს. 

ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ჩემპიონატში წლეულს 33 გუნდი ასპარეზობს. მათი დიდი უმრავლესობა ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებიდანაა, თუმცა არიან რუსული, ბელარუსული, აღმოსავლეთევროპული გუნდებიც.

33 გუნდი 2 ჯგუფადაა გაყოფილი. “ზაზა” და “ჰიუნდაი” 17-გუნდიან A ჯგუფში არიან, ხოლო “თბილისი ბასკეტ იბერი” – 16-გუნდიან B ჯგუფში. 13-17 მარტს გამართულ მესამე წრის მატჩებში სამივე ქართულმა კლუბმა, რომლებსაც მანამდეც თანაბარი ქულები ჰქონდათ, იდენტური შედეგები აჩვენა. გამართული 5-5 მატჩიდან “ზაზამაც”, “ჰიუნდაიმაც” და “იბერმაც” 4 მოიგო და 1 წააგო. მესამე წრემდე თითოეულს გამართული ჰქონდა 10 მატჩი, საიდანაც 8 მოეგო და სადღეისოდ, სამივეს შედეგი შეადგენს 12 გამარჯვებას და 3 მარცხს. 

ამ შედეგით ” ზაზა” და “ჰიუნდაი” A ჯგუფის პირველ ადგილს იყოფენ. ხოლო “იბერი” B ჯგუფში მე-3-ზეა, რადგან იქ 1-2 ადგილები 14 მოგებისა და 1 მარცხის მქონე ფინურ “კოტკას” და ლატვიურ “კრაუკლას” უკავიათ. 

აღსანიშნავია, რომ ბალტიის ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (18.8 ქულა საშუალოდ) “ზაზას” წევრი ნიკა აბულაძეა, ხოლო ჰიუნდაელი ლუკა ისაკაძე (16.8) მე-3 ადგილს იკავებს. შედეგიან გადაცემებში პირველ ადგილზე (3.5 პასი) “იბერის” წევრი ლუკა მაჭავარიანია.

თითოეული ჯგუფიდან 8-8 საუკეთესო მეორე ეტაპზე გადავიდა და შესაბამისად, სამივე ქართულ კლუბს მორიგი მატჩები აპრილის თვეში ელით. 

ყველა მატჩის შდეგს და სტატისტიკას გაეცანით წარმოდგენილ ბმულზე: http://bbbl.info/league/u13/schedule/#stf