ილიაუნის და სეუ-ს გამარჯვებები სტუდენტურ ლიგაში

ილიაუნის და სეუ-ს გამარჯვებები სტუდენტურ ლიგაში

25 ივნისს სტუდენტური კალათბურთის ლიგის მორიგი 2 მატჩი გაიმართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თავდაპირველად ილიას უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდები შეხვდნენ. ლიგის ლიდერ ილიაუნის პირველ ნახევარში გვარიანად გაუჭირდა. კავკასიელებმა მედგარი დაცვის ხარჯზე მოახერხეს მეტოქის შეტევების შეკავება და საწყისი პერიოდი 23:17 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდეს.

მეორე ტაიმში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ილიაუნის ლიდერებმა მიზანი გაისწორეს, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ დავით ეძგვერაძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ათწუთეული 27:13 მოიგო, რითაც მეტოქის წინააღმდეგობა გატეხა. დასკვნით ათწუთეულში ილიაუნიმ ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ 16 ქულით – 85:69 გაიმარჯვა.

ილიას უნივერსიტეტელებს 32 ქულითა და 16 მოხსნით დაჩი დვალაძემ ულიდერა. 22 ქულა და 20 მოხსნა ვასილ კუტალაძის ანგარიშზე დაგროვდა. ვასილ მჭედლიშვილმა გამარჯვებულებს 13 ქულა და 10 მოხსნა მიაშველა. კსუ-ში 30 ქულით საუკეთესო იყო გიგი მელაძე.

მეორე მატჩში ერთმანეთს სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაშიც ანალოგიური სცენარი გათამაშდა. პირველი ნახევარი ერთი გუნდის – თსუ-ს უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორეში უკვე მეტოქემ იძალა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. თსუ-მ პირველი ნახევარი 7 ქულით მოუგო სეუ-ს, თუმცა მდევრის როლში მყოფმა გუნდმა მესამე პერიოდში გარდატეხა მოახდინა. სეუ-მ ათწუთეული 29:17 მოიგო და ბოლო პერიოდში საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

საბოლოოდ სეუ-მ 96:87 იმარჯვა, რაშიც დიდი წვლილი ნიკა ბიძინაშვილმა და გიორგი ნადირაშვილმა შეიტანეს. ბიძინაშვილმა 20 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა, ხოლო ნადირაშვილმა 30 ქულას უწია. თსუ-ელთაგან 22 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ანდღულაძე.

სტუდენტური ლიგის მორიგი 3 მატჩი 26 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

ილიაუნი – კსუ 
სტატისტიკა: 85:69

სეუ – თსუ
სტატისტიკა: 96:87