ოლიმპმა დინამო დაამარცხა

ოლიმპმა დინამო დაამარცხა

დღეს დაგეგმილი სუპერლიგის 2 მატჩიდან ერთს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს “დინამო თბილისი” და “ოლიმპი” შეხვდნენ. ორივე გუნდი ცხრილში პოზიციის გასამყარებლად იბრძვის, რათა რეგულარული ჩემპიონატი ცხრილში სასურველ ადგილას დაასრულონ და პლეი ოფში შედარებით კომფორტულ ვითარებაში ჩადგნენ.

მატჩის პირველი პერიოდი ოლიმპელთა დიდი უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც ათწუთეული 16 ქულით – 29:13 მოიგეს. გუნდური თამაშის წყალობით ლეონიდ ივატინის გუნდი ქულებს იოლად იხვეჭდა და დინამოელთა დაცვას იოლად კვეთდა. რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონს, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მეორე პერიოდში ვითარება გამოასწორა და ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ “ოლიმპმა” დაცვა გაამაგრა, რითაც შეტევაშიც იხეირა და პერიოდის 18:15 მოგების შემდეგ, დასკვნითი პერიოდის წინ 12 ქულით დაწინაურდა.

გადამწყვეტ ათწუთეულში ვერც ერთმა გუნდმა ვერ იხეირა, თანაბარი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდა და ის ლიდერობა, რასაც მეოთხედის დაწყებამდე ფლობდა, “ოლიმპმა” ბოლომდე შეაინარჩუნა: 81:69. გამარჯვებულ ოლიმპელებს 19 ქულით გივი ბაქრაძემ ულიდერა. 17 ქულა დააგროვა მიხეილ ჭოჭუამ, ხოლო მორის ჰილის ანგარიშზე 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. “დინამოში” 16 ქულით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. 13 ქულა ლაველ ბოიდის ანგარიშზეა.

დღეს სუპერლიგის კიდევ ერთი მატჩი რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ აუტაიდერი “სოხუმი” ჩავა.

დინამო – ოლიმპი 
სტატისტიკა: 69:81