საბერძნეთთან მატჩამდე ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

საბერძნეთთან მატჩამდე ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 სექტემბერს საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გუნდმა 2 დღის წინ თელ ავივში ისრაელი დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

საბერძნეთი ჯგუფის დაუმარცხებელი ლიდერია გერმანიასთან ერთად. ბერძნებმა 13 სექტემბერს სერბეთს უმასპინძლეს და 70:63 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის  შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი 24-მა ნაკრებმა დაძლია, რომლებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე მუნდიალის 12 საგზურისთვის იბრძვიან.

პირველი ეტაპის შემდეგ მოხდა ჯგუფების გაერთიანება. ანუ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი სხვა ჯგუფის 3 საუკეთესოსთან გაერთიანდა. პირველი ეტაპზე დაგროვილი ქულები ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადმოჰყვა. შესაბამისად, აქამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩამდე, 15 სექტემბერს გენერალურ ვარჯიშს სპორტის სასახლეში გამართავს.ილიას ზუროსის გუნდში ტრავმა არავის აწუხებს, ბერძნები კი თბილისში საბრძოლო შემადგენლობით ჩამოვიდნენ.

ჩვენს ჯგუფში კიდევ 2 მატჩი გაიმართება: სერბეთი ესტონეთს უმასპინძლებს, ხოლო ქართველებისგან ძლეული ისრაელი გერმანიაში ითამაშებს. საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 16 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

დღეს, სპორტის სასახლეში გამართული ვარჯიშის დაწყებამდე ნაკრებს ჟურნალისტები ესტუმრნენ და მოახლოვებულ მატჩზე გაესაუბრნენ. 

ილიას ზუროსი: საბერძნეთთან მოგება ძალიან რთული იქნება, რადგანაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან ვთამაშობთ. ვეცდებით, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ძალიან კარგად ვიცით თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე. ამ ნაკრებს 7-დან 7 მოგება აქვს. მათ ორი დღის წინ სერბეთის დამარცხება შეძლეს. ჩვენთვის საბერძნეთთან თამაში დიდი გამოწვევაა.

მეტ ჯენინგი: ”ისრაელთან თამაშის შემდეგ, ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად. საბერძნეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია. ვიცით, რომ სწრაფი თამაში უყვართ. საბერძნეთის ნაკრების რამდენიმე მოთამაშის წინააღმდეგ მითამაშია – ვიცი, რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის. ისრაელთან თამაშის დროს გუნდურად ვმოქმედებდით, ასევე უნდა ვითამაშოთ საბერძნეთთანაც. ყველამ ერთმანეთისთვის უნდა ვითამაშოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ.”

თორნიკე შენგელია: ”ისრაელთან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. იმედი მაქვს, რომ იმავეს გავაკეთებთ საბერძნეთთან და გულშემატკივარი გვერდში დაგვიდგება. ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს და მოვუწოდებ ქომაგებს იაქტიურონ, რათა ბერძნებს ანშლაგით შევხვდეთ. ჩვენის მხრივ ვეცდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ. ”

დუდა სანაძე: ”საბერძნეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, მათთან წარმატების მიღწევა რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოგება შეგვიძლია. საშინაო არენაზე ჩვენთან თამაში ყველას უჭირს. მოვუწოდებ ქომაგებს, აქტიურად დაგვიჭირონ მხარი. ამავდროულად იჩქარონ, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთების უდიდესი ნაწილი გაყიდულია”.