საქართველომ U16 ჩემპიონატი სლოვაკეთთან 2 ოვერტაიმში წაგებით დაასრულა

საქართველომ U16 ჩემპიონატი სლოვაკეთთან 2 ოვერტაიმში წაგებით დაასრულა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-20 ადგილზე დაასრულა. მე-19 ადგილისთვის მატჩში ქართველები სლოვაკეთს დაუპირისპირდნენ, რომელთან დაძაბული შეხვედრა მეორე ოვერტაიმში – 86:87 წააგეს.

მატჩის ძირითადი დრო 66:66 დასრულდა. საუკეთესო დამატებით ხუთწუთეულშიც ვერ გამოვლინდა. მეორე ოვერტაიმში საქართველო ახლოს იყო გამარჯვებასთან. ხუთწუთეულის დასრულებამდე 7.5 წამით ადრე ქართველები 86:85 იგებდნენ და გიორგი სულაბერიძე საჯარიმოს ხაზთან იდგა. მან ორივე სროლა ააცილა, ბურთი სლოვაკებმა მოხსნეს, მთელი მოედანი გადასერეს და დასრულებამდე 0.5 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი ჩააგდეს – 87:86.

დასანანად წაგებულ მატჩში ქართველთაგან საუკეთესო ლუკა ლიკლიკაძე იყო, რომელმაც 25 ქულა, 7 ჩაჭრა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ლიკლიკაძემ მოედანი ნაადრევად, 5 პერსონალურის გამო დატოვა. 24 ქულა და 5 ჩაჭრა დააგროვა ლუკა ავალიანმა, ხოლო სანდრო კასაბურის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

ამით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მე-20 ადგილზე დაასრულა. საუკეთესო სამეულში შევიდნენ და მომავალ წელს A დივიზიონში იასპარეზებენ ფინალური მატჩის მომგები პოლონეთი და წაგებული ჰოლანდია. ასევე დანია, რომელმაც მე-3 ადგილისთვის მატჩში მასპინძელი მონტენეგრო 85:54 გაანადგურა.

სლოვაკეთი – საქართველო 
სტატისტიკა: 87:86