შენგელია VS შერმადინი: ესპანული ლიგის პლეი ოფში

შენგელია VS შერმადინი: ესპანული ლიგის პლეი ოფში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის დასკვნით 34-ე ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” სტუმრად “ობრადოიროს” 83:77 სძლია და რეგულარული სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 16:15 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
შენგელიამ 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბასკონიამ” 25 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის “რეალს” ჩამორჩა.
19 გამარჯვებითა და 15 წაგებით რეგულარული პირველობა მე-7 პოზიციაზე დაასრულა გიორგი შერმადინის “უნიკახამ”.
მალაგელებმა ბოლო მატჩში ბადალონაში ჩაატარეს და “ხუვენტუტთან” 78:85 წააგეს. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 09:48 წუთი გაატარა და 2 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
შედეგად, ისე გამოვიდა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში შენგელიას “ბასკონია” და შერმადინის “უნიკახა” ერთმანეთის პირისპირ დადგებიან.

პირველი მატჩი ვიტორიაში კვირას, 27 მაისს ჩატარდება.