შენგელიას ბასკონიამ შერმადინის უნიკახასთან სერია მოგებით გახსნა

შენგელიას ბასკონიამ შერმადინის უნიკახასთან სერია მოგებით გახსნა

ესპანეთის ჩემპიონატში პლეი ოფი დაიწყო. პირველ, მეოთხედფინალურ წრეში ერთმანეთს ქართველი კალათბურთელების გუნდები – თორნიკე შენგელიას “ბასკონია” და გიორგი შერმადინის “უნიკახა” ხვდებიან. სერია 2 მოგებამდეა, პირველი მატჩი კი ბასკონიელთა მოედანზე გაიმართა, რომელიც შენგელიას გუნდის გამარჯვებით – 87:70 დასრულდა.

მალაგელები დასკვნითი მეოთხედის წინ, მხოლოდ 3 ქულით აგებდნენ, თუმცა, ბოლო ათწუთეულში 14:28 დამარცხდნენ და მატჩის ბედიც ნაადრევად გაირკვა. ქართველ ლეგიონერთაგან სასტარტო ხუთეულში მხოლოდ შენგელია იყო, რომელმაც 21:33 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შეხვედრის წინ, ქართველ მძიმე ფორვარდს, რომელიც ესპანური ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ტრავმის მოშუშების მერე, როგორც იქნა, სათამაშო დრო გაეზარდა შერმადინს, რომელმაც მოედანზე 16:52 წუთი გაატარა და 5 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ამგვარად, “ბასკონია” სერიაში 1:0 დაწინაურდა, მომდევნო მატჩი კი უკვე მალაგაში 29 მაისს ჩატარდება.

ამ საპლეიოფო წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში “ბარსელონასა” და “ანდორას” შორის უმჯობესს ხვდებიან. კატალონიელებმა მოულოდნელად საშინაო მარცხი განიცადეს და სერიას 0:1 აგებენ. ბექა ბურჯანაძის გუნდმა ბარსელონაში დიდი სხვაობით – 94:76 იმარჯვა. ქართველ ფორვარდს კვლავ მუხლი აწუხებს და მოედანზე ვერ გადის.