შენგელიას ოქტომბრის ტიტული და 16 ქულა ძლეულ გრან კანარიასთან

შენგელიას ოქტომბრის ტიტული და 16 ქულა ძლეულ გრან კანარიასთან

თორნიკე შენგელიას კუთვნილი პრიზი, რომელიც ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ გახდომისთვის დაიმსახურა, დღეს ჩააბარეს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფორვარდმა შედეგიანად ჩაატარა გასული თვე და ესპანეთის ლიგაში MVP გახდა. დღეს “ბასკონია” “გრან კანარიას” შეხვდა და მატჩის დაწყებამდე ქართველ ფორვარდს ძვირფასი ტიტული გადასცეს.

რაც შეეხება მატჩს, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:14 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 10-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ეს თამაშის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ბასკონიელებმა შეხვედრა დამაჯერებლად – 91:76 მოუგეს. 

“ბასკონიამ”, რომელსაც ამ მატჩის წინ, მთავარ მწვრთნელად ვლადიმირ პერასოვიჩი დაუბრუნდა, 7 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.
თოკოს გუნდს მომდევნო მატჩი 25 ნოემბერს, სტუმრად, “მონბუს ობრადოიროსთან” ელის.