შერმადინის 23 ქულა, გამარჯვება და MVP-ის ტიტული “ლიეტუვოს რიტასთან”

შერმადინის 23 ქულა, გამარჯვება და MVP-ის ტიტული “ლიეტუვოს რიტასთან”

გიორგი შერმადინის მორიგი ბრწყინვალე მატჩი ევროსარბიელზე. ესპანური “უნიკახას” ქართველმა ცენტრმა მალაგურ გუნდს ულებ-ის ევროთასზე მატჩში “ლიეტუვას რიტასთან” ულიდერა. მასპინძლებმა ბალტიელი მეტოქე 95:76 დაამარცხეს, ქართველი კალათბურთელი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:03 წუთში 23 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 9 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. გამოირჩა მალაგელთა სათადარიგო ცენტრი მატის ლესორტიც, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, ვილნიუსელებს კი 15 ქულით დენის სილიმ ულიდერა.

აღსანიშნავია, რომ თამაშის ბედი მე-3 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ესპანურმა გუნდმა 28:7 მოიგო. “უნიკახამ” 5 მოგება და 1 მარცხი მოაგროვა და D ჯგუფს ყაზანის “უნიკსთან” ერთად ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 14 ნოემბერს, სტუმრად, გერმანულ “ფრანკფურტთან” გამართავს.