სოხუმის მარცხი რუსთავში

სოხუმის მარცხი რუსთავში

დღეს, “დინამოს” “ოლიმპთან” წაგებით ისარგებლა “რუსთავმა” და აუტსაიდერი “სოხუმის” დამარცხებით მოქმედ ჩემპიონ დინამოელებს ქულებით გაუთანაბრდა. ორივე გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი აქვს 2-2 მატჩი და თუკი საბოლოოდ მათ კვლავ თანაბარი ქულები ექნებათ, ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის წყალობით ცხრილში “დინამო” რუსთაველებზე წინ განთავსდება.

ვინ დაიკავებს უკეთეს ადგილს, ამ გუნდებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან რეგიონისა და დედაქალაქის წარმომადგენლების ორთაბრძოლაში მოედნის უპირატესობა საკმაოდ დიდი ბონუსია. რუსთაველები დღეს რომ “სოხუმს” მოუგებდნენ, წინდაწინ იყო ცნობილი. აქამდე გამართულ 30 მატჩში სოხუმელებმა მხოლოდ 1 მოიგეს და წამყვანი ლეგიონერების გარეშე დარჩენილები რომ რუსთავში ვერ იმარჯვებდნენ, დიდი მარჩიელობა არ სჭირდებოდა.

“რუსთავმა” საბოლოოდ 35 ქულით – 108:73 მოიგო და ამ მატჩში კარგი გამოცდილება მიიღეს მასპინძელთა სათადარიგოებმა. მწვრთნელმა, რამაზ გოგობერიშვილმა გუნდის ახალგაზრდა წევრებს ჩვეულებრივზე მეტი სათამაშო დრო დაუთმო და მათაც თავი არ შეირცხვინეს. ერეკლე ლორთქიფანიძემ 5 სამქულიანი და 17 ქულა ჩააგდო. 17 ქულა მიითვალა რუსთაველთა ამერიკელმა მსროლელმა ბრაიან ბერნარდიმ. 15 ქულა დაგროვდა ლევან ცეკვავას ანგარიშზე.

სოხუმელებში 15 ქულა-12 მოხსნით საუკეთესო იყო სერგეი პრიმაკი. 14 ქულა მიითვალა მაიზერ რევაზაშვილმა, ხოლო 13 ქულა მისი ძმის, ლევანის ანგარიშზე დაგროვდა. სოხუმელთათვის ეს გახლდათ სუპერლიგის მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა მატჩი. 26 აპრილს გია კაზანჯიანის გაწვრთნილი “სოხუმი” რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს გამართავს “კაკტუსთან” და ცხრილში ბოლო ადგილს დაიკავებს. 2 დღის წინ კალათბურთის ფედერაციის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მომავალი სეზონისთვის სუპერლიგაში მონაწილეთა რაოდენობა 10-ამდე გაიზარდა, ხოლო რეგულარულის ბოლოადგილოსანს ლიგაში დასარჩენად ბრძოლა “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულთან მოუწევს.

შესაბამისად, სოხუმელთათვის სუპერლიგაში დასარჩენი ბრძოლა წინაა.  კაზანჯიანის გუნდი 3-დან 10 მაისის პერიოდში “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან 2018-19 წლების სეზონის სუპერლიგის ბოლო საგზურისთვის საკვალიფიკაციო სერიას გამართავს, რომელიც 2 მოგებამდე გაგრძელდება. 

რუსთავი – სოხუმი
სტატისტიკა: 108:73

რამაზ გოგობერიშვილი – “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:

“როცა შანსი მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, სათადარიგო, ახალგაზრდა მოთამაშეები ვათამაშო. დღევანდელი მატჩი საამისოდ ხელსაყრელი იყო და ახალგაზრდებსაც შანსი მიეცათ, რომლებმაც კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას და თამაშიდან დიდი გამოცდილება მიიღეს. დღეს თბილისში დამარცხდა ჩვენი კონკურენტი “დინამო”, რომელსაც ქულებით კი გავუთანაბრდით, მაგრამ ურთიერთშეხვედრებით ვაგებთ და თუკი დინამოელები დარჩენილ 2 მატჩში კიდევ წაიფორხილებენ, ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება”.

გია კაზანჯიანი – “სოხუმის” მთავარი მწვრთნელი:

“ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვერ ვაჯობეთ. ეს მატჩი კარგი ტესტი იყო მომავალი გადამწყვეტი ბრძოლისთვის, რომელიც “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან სუპერლიგის მომავალი სეზონის ბოლო საგზურისთვის საკვალიფიკაციო სერიაში გველის”.