რუსთავი საქართველოს 2003-წლიანთა ფესტივალის გამარჯვებულია

რუსთავი საქართველოს 2003-წლიანთა ფესტივალის გამარჯვებულია

დასრულდა
2003 წელს დაბადებულთა საქართველოს ფესტივალი მინი-კალათბურთში. საჩემპიონო მატჩში
ერთმანეთს რუსთავი და ოვერტაიმი შეხვდნენ. დაძაბულ, თანაბარ ბრძოლაში გამარჯვება ქვემოქართლელებს
დარჩათ. ტურნირი ორგანიზებული იყო ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ
საქართველოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით.

დავით მაჭავარიანისა
და გიორგი არაბულის გაწვრთნილმა რუსთაველებმა უმძიმესი ბოლო წუთები გადაიტანეს და დათა
ჩხეიძისა და გიორგი მურღულიას ძალისხმევით დრამატულ ფინალში 3-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს
– 48:45. თამაშის პირველ ტაიმში რუსთაველებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ, 6 ქულითაც
გალიდერდნენ, თუმცა ჯაბა ჯმუხაძისა და გიორგი მახნიაშვილის აქტიურობამ ოვერტაიმელებს
ბოლო მეოთხედში ლიდერობაც კი მოუპოვა.

ყველაფერი ბოლო
წუთებზე გადაწყდა. ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის ბოლო წუთზე დათა ჩხეიძემ მორიგი შეტევა
შედეგიანად დააგვირგვინა, საპასუხოდ კი ოვერტაიმმა შეტევა გააცუდა და ქვემოქართლელებმა
ბურთზე კონტროლი შეხვედრის ბოლომდე წარმატებით განახორციელეს. ოვერტაიმის მოთამაშეებს
ისღა დარჩენოდათ, რუსთაველებზე ტაქტიკური ჯარიმები აეღოთ. როცა გუნდური ჯარიმები ლიმიტს
გადასცდა, რუსთაველი ჩხეიძე საჯარიმოს ხაზზე დადგა. თამაშის დასრულებამდე 8 წამი რჩებოდა.
დათამ 1 საჯარიმო ჩააგდო, მეორე კი ააცილა, თუმცა ოვერტაიმმა დარჩენილ მცირე დროში
ვერაფრის შეცვლა ვეღარ მოახერხა და შეხვედრა 48:45 დასრულდა.

მესამე ადგილისთვის
მატჩში ერთმანეთს ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები – დინამო და ქუთაისი შეხვდნენ.
ფინალის დარი დაძაბულობა არა, მაგრამ ბრინჯაოსთვის მატჩიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
გამარჯვება იმერულ კლუბს დარჩა, რომელმაც,
საბოლოოდ, 40:35 იმარჯვა.

ფინალის შემდეგ
გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები მედლებითა და
სიგელებით დააჯილდოვეს სპორტისა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სპორტული პროგრამების
სამსახურის უფროსმა მიხეილ ამაშუკელმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო
დეპარტამენტის უფროსმა ალეკო პეტრიაშვილმა.

ტურნირზე ტრადიციულად დაწესებული იყო პრიზები მეოთხედფინალში გასული გუნდების
გამორჩეული მოთამაშეებისთვის. 8 გუნდის 2-2 მოთამაშე ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა
მაისურებით დააჯილდოვა სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა
გიორგი ზაბახიძემ. გაგაცნობთ ტურნირის გამორჩეულ მოთამაშეებს: დათა ჩხეიძე, გიორგი
მურღულია(რუსთავი), გიორგი ოჩხიკიძე, გიორგი ჩოხარიძე (ბათუმი), ლუკა დოლიძე, კოსტანტინე
სუხიშვილი (აკადემია), ლუკა ლიკლიკაძე,  როლანდ დევიძე (ქუთაისი), ლაშა მესხი, ლევან აფციაური (მაკაბი), გუჯა ხვედელიძე, გუგა ნაცვლიშვილი (დინამო),
ჯაბა ჯმუხაძე, გიორგი მახნიაშვილი (ოვერტაიმი), გიორგი თუთბერიძე, რატი დვალაძე(მართვე).

ფესტივალის საუკეთესო
მოთამაშედ დასახელდა რუსთავის სწრაფი გამთამაშებელი, ჩემპიონი გუნდის ქულათა აბსოლუტური
უმეტესობის მომგროვებელი დათა ჩხეიძე, რომელიც სპეციალური პრიზით ალეკო პეტრიაშვილმა
დააჯილდოვა.

საჩემპიონო თასი
რუსთაველთა კაპიტანს სპორტისა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სპორტული პროგრამების
სამსახურის უფროსმა მიხეილ ამაშუკელმა გადასცა.