3X3 კალათბურთის ჭაბუკთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს

3X3 კალათბურთის ჭაბუკთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს

 LIVE! სათამაშო სახეობებში პირველად მოხდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ამ ისტორიულ მიღწევას 3X3 კალათბურთელებმა მიაღწიეს. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, რომლის ღირსებას გიორგი კორსანტია, ნიკა დარბაიძე, დავით აფხაზავა და ნიკა ლოლიშვილი იცავენ, ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავიდა და პლანეტის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა თურქეთის, ანდორისა და ჩინეთის ნაკრებები, ხოლო მეოთხე მატჩში არგენტინასთან ბრძოლაში წააგო და პლეი ოფში მეორე ადგილიდან გავიდა. ეს ისტორიული შედეგი ქართველმა ახალგაზრდებმა ბრძოლაში გამოჭედეს – ჩვენს ნაკრებს საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან უწევდათ ბრძოლა. ზოგადად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდები ძალიან ძლიერი შემადგენლობებით არიან ჩასულნი – უმეტეს ნაკრებეში ქვეყნის 18-წლამდელთა ეროვნული გუნდის წევრები ირიცხებიან.
ქართველებს მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი – იტალია შეხვდათ. ამ უკანასკნელმა “დ” ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. იტალიელებმა მასპინძელ ყაზახებს 19:14 მოუგეს, ინდონეზია – 22:9 გაანადგურეს, რუმინეთს 21:7 სძლიეს და ყატართან შედარებით დაძაბულ ბრძოლაში – 20:7 იმარჯვეს. იტალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყველა მონაწილეზე მეტი – 82 ქულა აქვს მოპოვებული, რაც აპენინელთა დიდ შეტევით პოტენციალზე მიუთითებს.
საქართველოსა და იტალიის ნაკრებთა შეხვედრა ხვალ, 5 ივნისს, თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება. ჯერ არაა ცნობილი ბოლო 2 მეოთხედფინალისტის ვინაობა, რადგან დღეს დაგეგმილი ჯგუფური ეტაპის ბოლო 4 შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო.  ანუ გასარკვევია, ვინ დაიკავებს „დ“ ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებს. “დ” ჯგუფის დარჩენილი მატჩები ასტანაში ხვალ დილიდან გაიმართება და პლეი ოფის ბადე სრულყოფილ სახეს მიიღებს. გადადებული მატჩების გამო, შესაძლოა, მეოთხედფინალური შეხვედრები ცოტა დაგვიანებით დაიწყოს.
საქართველოსა და იტალიას შორის გამარჯვებული ნახევარფინალში გავა და ან სლოვენიას, ან ამ გუნდის სამეოთხედფინალო მეტოქეს შეხვდება. ბადის მეორე მხარეს არგენტინა – ყატარის წყვილია. ხოლო მეოთხედფინალში გასული კიდევ ერთი გუნდი – ურუგვაი მეტოქედ „დ“ ჯგუფის გამარჯვებული ეყოლება.
საქართველოსა და იტალიის მატჩის, ასევე სხვა საპლეიოფო შეხვედრების ტრანსლაცია შეგიძლიათ ნახოთ წარმოდგენილ ბმულზე: