3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი 18 ივლისს თბილისი მოლში დასრულდება

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი 18 ივლისს თბილისი მოლში დასრულდება

VIDEO

18 ივლისს „თბილისი მოლში“ 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება. საქართველოს ჩემპიონატი 1-2 ივლისს თბილისში დაიწყო, შემდეგ კი რეგიონებში გადაინაცვლა. თბილისის გარდა შესარჩევი ტურები ჩატარდა გორში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბორჯომსა და რუსთავში. ორგანიზატორთა მიერ დაწესებული პროპორციული კვოტით ყოველი ქალაქის შესარჩევი ტურიდან გუნდებმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
18 ივლისს, “თბილისი მოლში” გასამართ ფინალურ ეტაპზე გამოიფინება ევრობასკეტის საჩემპიონო თასი, რომელიც ევროპის ქვეყნებში მაისის თვიდან მოგზაურობს და 18 ივლისს თბილისში იქნება. ძვირფასი ტიტულის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომელიც 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე – “თბილისი მოლში” მოვა.
საქართველოს ჩემპიონატის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო,  პარტნიორი ტურისტული კომპანია „თრეველინი“, ხოლო  ფინალის ოფიციალური მასპინძელი “თბილისი მოლი“.
საქართველოს ჩემპიონი გუნდი გაემგზავრება ბუქარესტში, საერთაშორისო ტურნირზე „არენა სპორტ ჩელენჯ“, რომელიც რუმინეთის დედაქალაქში 15-16 აგვისტოს გაიმართება. გამგზავრებას უზრუნველყოფს საქართველოს ჩემპიონატის პარტნიორი – ტურისტული კომპანია „თრეველინი“.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის პრიზები ‘’თბილისი მოლმა’’ და აზარტული თამაშების კომპანია ‘’ევროპაბეთმა’’ დააწესეს, 3-ქულიანების და ჩატენვების კონკურსის გამარჯვებულებს კი სპეციალურ პრიზებს სასტუმრო ‘’კრისტალი’’ გადასცემს.
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან და ევრობასკეტის საჩემპიონო თასის გამოფენასთან დაკავშირებით დღეს ,,თბილისი მოლში’’ პრესკონფერენცია გაიმართა.
გიორგი ზაბახიძე( სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი): უკვე მეორე წელია ტარდება 3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც ქვეყნის ყველა რეგიონია ჩართული. წელს 1000-ზე მეტი მონაწილე დაფიქსირდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ფინალური ეტაპი 18 ივლისს ,,თბილისი მოლში’’ გაიმართება და რაც ყველაზე მთავარია, საქართველო  3X3 კალათბურთის ფიბა-ს რეიტინგში სულ უფრო და უფრო მაღალ პოზიციებზე ადის. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ჩვენს პარტნიორებს, მონაწილეებს და ყველას ვეტყვი, ვითამაშოთ კალათბურთი. მინდა გულშემატკივრებს მოვუწოდო, მობრძანდნენ  ,,თბილისი მოლში’’. 3X3 ჩემპიონატის ფინალური ეტაპის  გარდა, საქართველოში პირველად ჩამოდის ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელიც 18 ივლისს 14:00 საათზე გამოიფინება ,,თბილისი მოლში’’, ყველა მსურველს შეეძლება გადაიღოს ფოტო, პრეზენტაციაზე იქნებიან ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და ესეც უპრეცედენტო შემთხვევაა. კალათბურთის  გულშემატკივრებს შეეძლებათ, მობრძანდნენ და იხილონ ევრობასკეტის საჩემპიონო თასი.
თორნიკე მდივნიშვილი(ტურისტული კომპანია ,,თრეველინის’’ წარმომადგენელი): ტურისტული კომპანია ,,თრეველინი’’ უკვე წლებია თანამშრომლობს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან, ჩვენ ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ფედერაციის ასეთ კარგ წამოწყებებს, მათ შორის, 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატს. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს გამარჯვებული გუნდის გამგზავრებას რუმინეთში.
ნატა გოგოლაძე(,,თბილისი მოლის’’ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი): კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. შარშან 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატს უკვე ვუმასპინძლეთ, ამის შემდეგ ჩვენი სივრცე ,,ყველა ვარსკვლავის მატჩსაც’’ დაეთმო, ახლა ისევ 3X3 ჩემპიონატის ფინალის მასპინძლები ვართ. ძალიან მოხარულები და კმაყოფილები ვართ ამ თანამშრომლობით, ვფიქრობ, ეს სივცრე მონაწილე გუნდებსაც ძალიან მოსწონთ. ,,თბილისი მოლი’’ 18 ივლისს თავის რჩეულ მოთამაშეს გამოავლენს და მას სპეციალური პრიზით დააჯილდოვებს. ვფიქრობთ, ტურნირი ძალიან სანახაობრივი და საინტერესო გამოვა, მიხარია, რომ საქართველოში 3X3 კალათბურთის პოპულარიზაციაში ჩვენც შეგვაქვს წვლილი.