“ა” ლიგა – ორბმა ზესტაფონი 96:87 დაამარცხა

“ა” ლიგა – ორბმა ზესტაფონი 96:87 დაამარცხა

დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ “ა” ლიგის 1 მატჩს უმასპინძლა. ერთმანეთს ორბი და ზესტაფონი დაუპირისპირდნენ. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილი ორბელებისთვის, რომლებმაც სპორტუნისთან მოულოდნელად წააგეს, ეს გახლდათ სეზონის მეორე მატჩი, ხოლო ზესტაფონელებისთვის – დებიუტი. იმერული კლუბისთვის მატჩი უიღბლო გამოდგა. ორგანიზებული და შედეგიანი თამაშის წყალობით ორბმა გამარჯვება მოიპოვა – 96:87 (სტატისტიკა).

შეხვედრის პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა. მეორე პერიოდში ზესტაპონელებმა იძალეს და დიდ შესვენებაზე სამქულიანი უპირატეოსბით გავიდნენ – 48:45. ნათქვამია, ვინც იგებს მესამე პერიოდს, ის იგებს მატჩსო და ასე იყო ამ შეხვედრაშიც. აღნიშნული ათწუთეული ორბმა 28:17 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 8 ქულით დაწინაურდა. 

ბოლო პერიოდში უპირველესად დაცვის ხარჯზე ტურაშვილის გუნდმა მოახერხა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია. ორბელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო ლევან ლოლიშვილი, რომელმაც სარგებლიანობის ყველაზე მაღალი ინდექსი – 23 აჩვენა. მის ანგარიშზე 16 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა დაგროვდა. ბომბარდირი გახდა ჯორდან უოკერი 27 ქულით. 4 სამქულიანი და მთლიანობაში 13 ქულა მიითვალა დავით დეკანოიძემ. ზესტაფონელთაგან 26-26 ქულით ოთარ ბულიავა და დონიელ სეგერსი გამოირჩნენ. 

“ა”ლიგისგათამაშება სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ გაგრძელდება.