სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომი – “ა” ლიგის გათამაშება დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. ტურნირში გასული სეზონის მსგავსად 6 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან 2 – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) გუნდი და “თბილისი” დებიუტანტია, ხოლო 4 გუნდი შარშანაც მონაწილეობდა “ა” ლიგაში. ესენი არიან: “არენა 76”, “ტიტები”, “წყალტუბო” და “თსუ-ჰიუნდაი”.
დღეს, ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ერთში დიდი სხვაობა დაფიქსირდა, მეორეში კი მეტ-ნაკლებად საინტერესო ბრძოლა შედგა. “არენისა” და “წყალტუბოს” მატჩი ჩემპიონატის გახსნის გამოდგა. იმერულმა კლუბმა საკმაოდ კარგ ლეგიონერებს მოუყარა თავი, თუმცა წყალტუბოელებმა გამარჯვება მხოლოდ უცხოელი მოთამაშების წყალობით როდი მოიპოვეს. შესანიშნავად გაისარჯნენ ადგილობრივებიც – გიორგი კუჭავა (16 ქულა), გუჯა ბირკაია (13), დავით წივწივაძე (11). რაც შეეხებათ ლეგიონერებს – ჩარლზ ბრონსონის ანგარიშზე 17 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა, ხოლო თომას ფინმა 11 ქულა მიითვალა. წყალტუბოელთა მესამე ამერიკელმა – ნიკ სინგლტონმა თავი 9 ქულასა და 7 პასს მოუყარა.
“არენამ” პირველ ტაიმში გვარიანი წინააღმდეგობა გაუწია იმერულ კლუბს, თუმცა მეორე ნახევარში შორი სროლებითა და ფარქვეშ ზუსტი თამაშით “წყალტუბომ” წელში გატეხა მასპინძლები და საბოლოოდ 13 ქულით – 77:64 გაიმარჯვა. “არენაში” 18 ქულით ბომბარდირი გახდა ვატო ბააკაშვილი. არმანი ფლანინგანის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 16 მოხსნა დაგროვდა.
მეორე მატჩში, რომელშიც ერთმანეთს კსუ და “ტიტები” შეხვდნენ, დაძაბული მხოლოდ პირველი ნახევარი გამოდგა. უნივერსიტეტელებმა, რომლებიც თავიდანვე ჩამორჩნენ, მეორე პერიოდში ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს, მაგრამ დიდ შესვენებამდე “ტიტებმა” 9 ქულამდე გაზარდეს უპირატესობა, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი “ტიტები” საკმაოდ დამაჯერებელი გახლდათ. ნაკრების ყოფილმა მოთამაშე ბესო ლეჟავამ გამარჯვებულებს 11 ქულა შესძინა, ხოლო საუკეთესო შედეგი ლეგიონერებმა – ჯონ ბრიტონმა (21 ქულა, 9 მოხსნა), კაჰიმ რენსომმა (19 ქულა) და ანტუან სპეისიმ (15 ქულა, 15 მოხსნა) დააფიქსირეს. კსუ-ში შესანიშნავად ითამაშა ამერიკელმა მაიკლ თორნმა (19 ქულა, 15 მოხსნა), თუმცა თანაგუნდელებმა მას მხარი ვერ აუბეს და საბოლოოდ კსუ-მ დიდი სხვაობით – 57:96 წააგო.
ხვალ, 18 იანვარს, ოლიმპიური სასახლე “ა” ლიგის 1 მატჩს უმასპინძლებს. “თსუ-ჰიუნდაი” “თბილისს” დაუპირისპირდება. მატჩი 18:15 საათზე დაიწყება.
არენა 76 – წყალტუბო 77:64
კსუ – ტიტები 57:96