“ა” ლიგის მე-3 ტური დღეს თბილისში 2 მატჩით დაიწყო და ხვალ, თელავში დასრულდება. კახეთში გასამართი მატჩი ცენტრალურია და მასში გათამაშების 2 დაუმარცხებელი გუნდი – თელავის “ბურჯი” და თბილისური “ორბი” შეხვდებიან.
თბილისში გამართული მატჩებიდან კი “ზესტაფონს” გვარიანად გაუჭირდა სპორტის უნივერსიტეტის გუნდის დამარცხება. “ა” ლიგის დებიუტანტი “სპორტუნი” ბოლომდე შეუპოვრად ებრძოლა 3 ლეგიონერით გაძლიერებულ და სუპერლიგაში გადასვლის ამბიციის მქონე “ზესტაფონს”. ბოლო წუთებზე სტუდენტური გუნდი წინაც იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გამოცდილება არ ეყო და 64:70 (სტატისტიკა) დამარცხდა. ყველაფერი ბოლო ორმა შეტევამ გადაწყვიტა: სტუდენტებმა ორივე გააცუდეს, ზესტაფონელებმა კი ორივე შედეგიანად დააგვირგვინეს და სეზონის მეორე გამარჯვებით ცხრილში ხვალამდე გალიდერდნენ.
ზესტაფონელთაგან 16 ქულითა და 14 მოხსნით ჰერარდ შნაიდერი გამოირჩა. ბომბარდირი 17 ქულით გიორგი ფერიაშვილი გახდა, ხოლო კრისტოფერ უილიამსმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. სპორტუნიში 20 ქულა ჰქონდა გუნდის ერთადერთ ლეგიონერ ჰავიერ ნიუსონს. 16 ქულა და 7 მოხსნა გიორგი ცირიკიძემ მიითვალა.
მეორე მატჩში ერთმანეთს “კავკასია” და “მეგა” დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. საბოლოო ანგარიშიდან ჩანს, რომ მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა მეგამ 12 ქულით მოიგო, თუმცა ამ უპირატესობას ბოლო წუთებზე მიაღწია. მანამდე კი დაძაბული, თანაბარი და საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობდა.
მესამე პერიოდის ბოლო წუთზე ანგარიში 50:50 იყო, თუმცა დეშონ ფრენსისისა და კრისშონ ორანჟის სუპერმობილურმა ტანდემმა “მეგას” დიდი უპირატესობა მისცა. 3-წუთიანი გაქცევის შედეგად კობეშავიძის გუნდმა მონაკვეთი 17:3 მოიგო და 67:53 დაწინაურებით მეტოქე წელში გატეხა. დარჩენილ 6 წუთში “მეგას” მოთამაშეებს არ გასჭირვებიათ უპირატესობის შენარჩუნება და “ა” ლიგის 2 მარცხით დაწყების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვეს – 80:68 (სტატისტიკა).
22 ქულითა და 10 მოხსნით მეგას დეშონ ფრენსისმა ულიდერა. 18 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა კრისშონ ორანჟმა მოაგროვა. ანზორ ნადირაძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. “კავკასიაში” 25 ქულითა და 22 მოხსნით საუკეთესო იყო მარკიზ მეიფილდი. 23 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა ჯერელ სპინჯერმა.
მე-3 ტური თელავური მატჩით დასრულდება, რომლის გამარჯვებულიც “ა” ლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე თამაშები 2 წრედ ჩატარდება, რაც მთლიანობაში 10 ტურს მოიცავს.რეგულარული ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა. პლეი ოფის გამარჯვებული სუპერლიგაში პირდაპირ გადავა, ხოლო ფინალურ სერიაში დამარცხებულს სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, მეათეადგილოსანთან მოუწევს უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბრძოლა.