სუპერლიგის 1 საფეხურით დაბლა მდგომი “ა” ლიგა 6 წევრამდე დაკომპლექტდა. გათამაშებას ახალი წევრი ჰყავს. წინა სეზონში ლიგაში მოასპარეზე “თბილისი”, ომელიც ბოლო ადგილზე გავიდა, თელავის “ბურჯი 2018”-მა ჩაანაცვლა. კახელებმა “ა” ლიგის საგზური თბილისელებთან საკვალიფიკაციო სერიის მოგებით მიიღეს. დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული სერიის მეორე შეხვედრა კვლავ თელაველებმა მოიგეს და 2 მატჩის ჯამში 63 ქულით იძალეს.
“ბურჯს” წინა მატჩი 37 ქულით ჰქონდა მოგებული და “ა” ლიგის საგზურამდე ფორმალობაღა აკლდა. “თბილისი რომ მეორე შეხვედრას 38 ქულით ვერ მოიგებდა, შემადგენლობის თვალის გადავლებითაც ჩანდა. კახურ გუნდს 4 ნორმალური დონის ლეგიონერი ჰყავდათ, რომლებმაც პირველ შეხვედრაში ჯამში 86 ქულა ჩააგდეს. თბილისელებს კი მხოლოდ 2 უცხოელი ჰყავდათ და ქართვლი მოთამაშეების კლასით თელაველებს ვერ ჯაბნიდნენ. შესაბამისად, მეორე მატჩიც “ბურჯის” გამარჯვებით – 97:71 (სტატისტიკა) დასრულდა და თელაველებმა სოლიდური უპირატესობით მოგებული საკვალიფიკაციო სერიის შედეგად “ა” ლიგის საგზური მოიპოვეს.
გამარჯვებულებს სამმაგი დუბლით ამერიკელმა კალინ დუპრემ ულიდერა – 18 ქულა, 13 მოხსნა, 12 პასი. 18 ქულა ჩააგდო ზაზა გაგნიძემ, ხოლო დარიუს სმიტმა 14 ქულა მიითვალა. “თბილისში” 24 ქულით საუკეთესო იყო ჰავიერ ნიუსონი.
თელავის “ბურჯი” “ა” ლიგის გათამაშებაში იანვრიდან ჩაერთვება, როცა ახალი სეზონი სტარტს აიღებს. ლიგასი შემდეგი გუნდები ითამაშებენ: ორბი-არენა, მეგა ბასკეტი, კავკასია, ზესტაფონი (ყოფილი აფხაზეთი), სპორტის უნივერსიტეტი და თელავური “ბურჯი”.