შედეგები „ა“ ლიგის მორიგი, მე-4 ტურის მატჩები გაიმართა შაბათს.
სამივე შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. პირველ მატჩში ერთმანეთს „კაკტუსი“
და გორის „დილა“ შეხვდნენ.
აღნიშნული გუნდების დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული
გამოდგა. გორის გუნდის ბირთვს ვეტერანი კალათბურთელები წარმოადგენენ, რომლებმაც საკმაოდ
კარგად ითამაშეს და მათ ახალგაზრდებიც ეხმარებოდნენ – დავით აფხაზავა, მაიზერ რევაზაშვილი
და სხვანი. ძირითადმა ტვირთმა კი ვეტერანებზე – ვლადიმერ ბეჟანიშვილზე, ზვიად ბაბიაშვილზე,
ზუკა ბადრიძეზე და სხვებზე გადაიარა.
ამ მოთამაშეთა მონდომებით გორელები უმეტესწილად ლიდერობდნენ.
პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა, თუმცა მეორეში შიდა ქართლის გუნდმა 6-ქულიანი უპირატესობა
მოიპოვა. მცირე ლიდერობით შეხვდა „დილა“ ბოლო პერიოდს, რომელშიც მატჩიუს ბედი დაძაბულ
ბრძოლაში გადაწყდა. კამერუნელი სამა ტაკუსა და დავით ხიზანიშვილის წინამძღოლობით კაკტუსელებმა
გორელებს ბოლო წუთებზე გამოჰგლიჯეს გამარჯვება.
„კაკტუსში“ 22 ქულით ბომბარდირი დავით ხიზანიშვილი გახდა,
ხოლო გაცილებით შედეგიანი გახლდათ სამა ტაკუ, რომელმაც 21 ქულა, 15 მოხსნა და 6 პასი
მიითვალა. გორის გუნდში ტრადიციულად საუკეთესო შედეგი ვლადიმერ ბეჟანიშვილმა დააფიქსირა
– 21 ქულა, 17 მოხსნა, 9 პასი.
მეორე შეხვედრაში თსუ-მ „წყალტუბოს“ უმასპინძლა. სტუდენტური
გუნდი გიორგი გაფრინდაშვილის გარეშე თამაშობდა, რომელმაც წინა შეხვედრაში დისკვალიფიკაცია
მიიღო და 1 მატჩის გამოტოვება მოუწია. წყალტუბოელებმა დამაჯერებელი გამარჯვება (81:60)
მოიპოვეს – უკრაინელ ლეგიონერებთან ერთად იმერულ კლუბში თავი გიორგი კუჭავამ გამოიჩინა,
რომელმაც 23 ქულით ბომბარდირობა შეითავსა. შედეგიანი იყო სერგეი ალფიოროვი – 21 ქულა
და 15 მოხსნა, წყალტუბოელთა მეორე უკრაინელმა კი ასევე ორმაგი დუბლი – 20 ქულა და
14 მოხსნა დააგროვა.
ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთის პირისპირ „ა“ ლიგის ერთადერთი
დაუმარცხებელი გუნდი „არენა 76“ და ერთ-ერთი ლიდერი „სეუ-ჰიუნდაი“ შეხვდნენ. ირაკლი
ალხანაიძის წინამძღოლობით ჰიუნდაელებმა თამაში კარგად დაიწყეს და საწყისი პერიოდი
18:11 მოიგეს. არენელებმა საკუთარი ძალა მეორე მეოთხედში გამოაჩინეს, როცა 10-წუთეული
29:18 მოიგეს.
დიდ შესვენებაზე „არენა“ 4 ქულით – 40:36 იგებდა, ხოლო
მესამე პერიოდში გათამაშების ლიდერმა საკუთარი თამაში იპოვა და დამაჯერებელი ლიდერობა
მოიპოვა. ამერიკელი ჯერემი ბაინამისა და უკრაინელი ოლექსანდრ კოსენკოვის შედეგიანობით
თბილისურმა გუნდმა პერიოდი 30:14 მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 20 ქულით დაწინაურდა.
ბოლო პერიოდში ჰიუნდაელები ცდილობდნენ ვითარების შეცვლას,
მაგრამ არ გამოუვიდათ. პერიოდის შუაწელში სამწუხარო ფაქტი მოხდა. ერთ-ერთ სათამაშო
ეპიზოდში წარმოქმნილ დავას ინციდენტი მოჰყვა, რაზეც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის
სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობს.
მატჩი „არენას“ 20-ქულიანი გამარჯვებით – 93:73 დასრულდა
და შედეგად ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ ადგილზე დაუმარცხებლად დარჩა.
3 მოგება და 1 მარცხი აქვს მეორე ადგილზე მყოფ „წყალტუბოს“, რის შემდეგაც 2-2 წაგებ-მოგებით
„სეუ-ჰიუნდაი“ და „კაკტუსი“ მოდიან“. მომდევნო, მე-5 ტურის მატჩები 8 აპრილს საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში გაიმართება.