წლევანდელი “ა” ლიგის გათამაშება საკმაოდ საინტერესო იქნება. ამას გვპირდება მატჩები, რომლებიც პირველ ტურში გაიმართა. შაბათს, გახსნით მატჩში უშეღავათო ბრძოლა გამართეს “ზესტაფონმა” და “მეგამ”, დღეს კი ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს “კავკასია” და თელავი “ბურჯი” შეასკდნენ.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. მაყურებელმა კალათბურთელების შემართება და გამარჯვებისთვის თავდაუზოგავი ბრძოლა იხილა. კახური გუნდი ლიგის დებიუტანტია, რომელიც 4 ლეგიონერითაა გაძლიერებული. კავკასიელებსაც 4 უცხოელი ჰყავთ და მათ გამოცდილი სპეციალისტი – ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში ნამუშევარი დავით უსტიაშვილი წვრთნის.
კავკასიელები მცირედით, თუმცა თამაშის უმეტეს დროს იგებდნენ. თელაველებს ამერიკელი კალინ დუპრე ლიდერობდა, რომელმაც საბოლოოდ მაინც თავისი გაიტანა. დასკვნით პერიოდში, რომლის დაწყებამდეც “ბურჯი” 4 ქულას აგებდა, დუპრეს ხელი თანაგუნდელებმაც შეაშველეს, რისი წყალობითაც თელაველებმა ლიდერობა მოიპოვეს და ძალიან დაძაბულ ბოლო წუთზე სასურველი სხვაობა შეინარჩუნეს – 73:71 (სტატისტიკა).
დუპრემ საბოლოოდ 24 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. მის კვალას 12-12 ქულა მოაგროვეს ჯეიმს ედმონდმა და კენდარიუს სმიტმა. მილოშ ჩაბარკაპამ თელაველებს 7 ქულა და 5 მოხსნა მიაშველა. კავკასიაში 20 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ჟერელ სპინჯერი. 10 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა მარკიზ მეიფილდს, ხოლო 15 ქულა ბრენდონ უილისის ანგარიშზე დაგროვდა.
მეორე ტურის მატჩები 6 თებერვალს გაიმართება: კავკასია – სპორტუნი, მეგა – ბურჯი და ორბი ზესტაფონი.