“ა” ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და შედეგად, ის 4 გუნდი დაწყვილდა, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპიდან გააგრძელებენ. უფრო ზუსტად, ჯერ პლეი ოფში გამსვლელი ბოლო გუნდი გამოვლინდა, რომელმაც მე-4 ადგილი დაიკავა და შესაბამისად, ნახევარფინალში 1-ზე გასულ ვსა-ს შეუწყვილდა.
ბოლო ტურის დაწყებამდე პლეი ოფში გასული 3 გუნდი – ვსა, სოხუმი-საქართველო და თელავის ბურჯი გამოვლენილი იყო. დარჩენილი იყო ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობის გარკვევა, რისთვისაც “ასტრალი” და “ვერა” იბრძოდნენ. ასევე ისიც გასარკვევი იყო, თელავი და პლეი ოფში გასული მე-4 გუნდი რომელ ადგილებს დაიკავებდნენ და შესაბამისად, პლეი ოფში ვის შეხვდებოდნენ.
ბოლო ტურის პირველი მატჩი 14 მარტს, თელავში გაიმართა, სადაც “ბურჯმა” 123:88 (სტატისტიკა) სძლია თსსუ-ს და მე-3 ადგილი გაინაღდა. შესაბამისად, ნახევარფინალის პირველი წყვილი შედგა: მეორე ადგილზე გასული სოხუმი მესამეადგილოსანი “ბურჯის” წინააღმდეგ. ტურის და შესაბამისად, რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩი დღეს თბილისი არენაზე გაიმართა, რომლის დაწყებამდეც საინტერესო ვითარება იყო შექმნილი.
ვერა ვსა-ს ხვდებოდა, ხოლო ასტრალი – სოხუმი-საქართველოს. ვერას რომ წაეგო, ასტრალი პლეი ოფს ინაღდებდა, თუმცა ვერა გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ გადიოდა პლეი ოფში, თუკი ასტრალი სოხუმს დაამარცხებდა. ვსა-ს რეგულარული ჩემპიონატის 9 მატჩიდან ყველა მოგებული ჰქონდა და რეგულარულში პირველი ადგილიც კარგა ხნის წინ გაინაღდა. მწვრთნელთა შტაბმა გუნდის ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა, თუმცა ახალგაზრდებმა, რომლებიც ვსა-ს 22-წლამდელთა გუნდში ასპარეზობენ, ტოლი არაფერში დაუდეს უკანა გზამოჭრილ ვერას. ის კი არა, მატჩს უმეტესწილად და უფრო სოლიდური სხვაობით ვსა იგებდა და რომ არა ბოლო წუთზე დაშვებული შეცდომა, დიდი ალბათობით გაიმარჯვებდა კიდეც.
ბოლო წუთზე ქულით წინ მყოფი ვსა უტევდა, თუმცა ანდრია ცერცვაძეს ცენტრში ბურთი ნაიჯელ სკანტელბერიმ მოპარა და ვერელთა არქიმექულე აზარია სეის გადააწოდა, რომელიც ცერცვაძემ ჯარიმით შეაჩერა. სეიმ ორივე საჯარიმო ჩააგდო და პირადი მონაგარი მიმდინარე სეზონში სარეკორდო 45 ქულამდე გაზარდა, ვერა კი 86:85 (სტატისტიკა) დააწინაურა. ვსა-მ შეტევა შედეგიანად ვერ დააგვირგვინა, აცილებული ბურთი ვერელებმა მოხსნეს და გაიმარჯვეს.
ვერამ თავისი მოსაგები მოიგო, მაგრამ ბოლო სიტყვა ასტრალზე იყო. თუ ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილი გუნდი სოხუმი-საქართველოს დაამარცხებდა, ვერას პლეი ოფს მიღმა ტოვებდა. ძალიან დაძაბული მატჩი ბოლო წამებზე, 1 ქულით სოხუმი-საქართველომ მოიგო – 94:93 (სტატისტიკა).
1 ქულით წაგებული მატჩის გამო ასტრალი პლეი ოფს მიღმა დარჩა, ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავა და მომავალი სეზონის დაწყებამდე “ა” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო რაუნდში იბრძოლებს. ბოლო ადგილზე გასული თსსუ კი ლიგას ტოვებს და მის ადგილს სტუდენტური ლიგის წლევანდელი გამარჯვებული დაიკავებს.