“ა” ლიგის პლეი ოფი ხმაურიანად გაიხსნა. ბევრისთვის მოულოდნელი შედეგის ავტორია კლუბი “არენა-ორბი”, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი 84:63 დაამარცხა და ნახევარფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა. “კავკასიამ” რეგულარულში 10 შეხვედრიდან 8 მოიგო, პირველ ადგილზე გავიდა და მხოლოდ 3 მოგების მქონე “არენა-ორბთან”, რომელიც მე-4 ადგილზე გავიდა, ფავორიტად ითვლებოდა. დეიან პროკიჩის გაწვრთნილმა არენა-ორბელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და ბრწყინვალედ ჩატარებული მეორე ნახევრის წყალობით 21-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
სერბი მწვრთნელების დუელი დეიან პროკიჩმა ბოიან სალატიჩს მოუგო. პირველი ნახევრის შემდეგ 6 ქულით ჩამორჩენილმა “არენა-ორბმა” თამაში მესამე პერიოდში დაალაგა. ათწუთეული პროკიჩის გუნდმა 28:18 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ თავად დაწინაურდა – 61:57. როცა მატჩის კულმინაციამ მოატანა და ოლიმპიურ სასახლეში უხვად მისული ქომაგები საინტერესო ბრძოლის საყურებლად მოემზადნენ, მათ იმედი გაუცრუვდათ. გუნდური თამაშის წყალობით “არენა-ორბმა” თამაში ისე ჩაამთავრა, “კავკასიისთვის” მცირედი შანსიც არ მიუცია.
რთულია ვინმეს გამორჩევა, რადგან გამარჯვებულებმა ძალზედ შეკრულად და ერთიანი სულისკვეთებით ითამაშეს. ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე იყო გლენ ბარსნსი, რომელიც თითქმის ყველა შეტევას უძღვებოდა და ძალიან ხშირად, თავადაც აგვირგვინებდა. ბარნსი საბოლოოდ 20 ქულით ბომბარდირი გახდა, ხოლო მამუკა ბაზუაშვილმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და 18 ქულასთან ერთად 7 მოხსნაც გაიფორმა. არმანი ფლანინგანმა მისგან ნაჩვევი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 18 ქულა, 10 მოხსნა. 11 ქულა მიითვალა ლევან ლოლიშვილმა, ხოლო 10 – მარინ იელიჩიჩმა. “კავკასიაში” 15-15 ქულით ანდრე უოლკერი და ვენდელ ლუისი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელს 10 მოხსნაც ჰქონდა. ოთარ პერტაიას ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.
ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება ხვალ, 4 აპრილს შედგება. გამარჯვების შემთხვევაში “არენა-ორბი” ფინალში გავა, არადა, სერიის ბედს მე-3 მატჩი გადაწყვეტს.
კავკასია – არენა-ორბი
სტატისტიკა: 63:84