ასტრალმა გთუნის პირველი მარცხი აგება, კავკასიამ ორბი ბოლო წუთებზე გატეხა

ასტრალმა გთუნის პირველი მარცხი აგება, კავკასიამ ორბი ბოლო წუთებზე გატეხა

“ა” ლიგის პლეი ოფს სხვა ეშხი აქვს. დაიწყო ნახევარფინალები და მოედანზე ცეცხლი დაინთო. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალური სერიების მატჩებს არც მაყურებელი აკლდა და არც ემოცია. ორივე შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული იყო, განსაკუთრებით კი “გთუნისა” და “ასტრალის” დაპირისპირება, რომელშიც მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

მოულოდნელობა ის გახლდათ, რომ გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდმა “ა” ლიგის გათამაშებაში პირველი მარცხი განიცადა. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა გთუნიმ, რომელიც “ა” ლიგაში სტუდენტურიდან შარშან გადმოვიდა, მიმდინარე სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში ათივე ტურის მატჩი მოიგო. უნივერსიტეტელები ფავორიტად ითვლებოდნენ მე-4 ადგილზე გასულ “ასტრალთან” ნახევარფინალურ სერიაში, თუმცა ვატო თევზაძის გაწვრთნილმა ასტრალელებმა გთუნის პირველი მარცხი აგემეს.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის გამარჯვებულის გამოვლენასაც დამატებითი დრო დასჭირდა. “ასტრალი” პლეი ოფს სიახლეებით შეხვდა. გუნდს მოედანზე დაუბრუნდა ბექა ჩიკვილაძე, რომელმაც რეგულარულის მეორე წრე მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა. უკრაინაში ომის დაწყებისას საქართველო რამდენიმე უცხოელმა დატოვა, რომელთა შორისაც “ასტრალის” ესპანელი მთავარი მწვრთნელი გონსალო ფერნანდესიც იყო. მისი ადგილი კაპიტანმა ჩიკვილაძემ დაიკავა, რომელიც ვარჯიშს აგრძელებდა და პლეი ოფში კვლავ მოედანს დაუბრუნდა, მთავარი მწვრთნელის პოსტი კი გუნდის მენეჯერმა ვატო თევზაძემ დაიკავა, რომელსაც დღევანდელ მატჩში ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა. 

რაც შეეხება ბექა ჩიკვილაძეს, ის გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი გახლდათ, რომელმაც გუნდს უკანა ხაზიდან ულიდერა და საბოლოოდ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა: 26 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა. მართალია, მან 6 ბურთი დაკარგა, თუმცა ეს მის ოპონენტ სეტ სვალვეს 8 დაკარგვასთან კარგი შედეგია. 9 დაკარგვა ჰქონდა მატჩის ბომბარდირს, 27 ქულის მომგროვებელ ერიკ ფრედერიკს და სწორედ შეცდომები იყო მისი გუნდის დამარცხების მიზეზიც. გთუნის მარცხ განაპირობა ზომაზე მეტმა ტექნიკურმა წუნმა და პერიმეტრიდან შეტევებმა, როცა საკმარისი დრო იყო დარჩენილი და საქმის გამოსწორება ფარზე შესვლებით, შედეგიანობის მეტი პროცენტულობის მქონე შეტევებით შეიძლებოდა. 

შეხვედრის ბოლო წუთზე, გთუნიმ შეხვედრა ისე საბედისწეროდ გადაიყვანა ოვერტაიმში, რომ საფიქრებელი იყო, “ასტრალი” ფსიქოლოგიურად გატყდებოდა და დამატებით ხუთწუთეულში დამარცხდებოდა. 3 ქულით ჩამორჩენილ გთუნის შესატევად ათიოდ წამი დარჩა, “ასტრალს” კი 3 გუნდური ჯარიმა ჰქონდა. უნივერსიტეტელთა პირველი შეტევა ტაქტიკური ჯარიმით გააჩერეს, თუმცა შემდეგ ამის გაკეთება ვეღარ მოასწრეს, რათა მეტოქეს 2 საჯარიმო ესროლა და ბურთი “ასტრალს” დაბრუნებოდა. პერიმეტრის ხაზიდან გვარიანად მოშორებით მყოფმა ერიკ ფრედერიკმა ბურთი მიიღო თუ არა, სამქულიანი ესროლა, ჩააგდოnდა თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

ჯიბიდან ამოცლილმა გამარჯვებამ ასტრალელები მაინც არ გატეხა. ევან მილიგანმა, ბექა ჩიკვილაძემ და მამუკა ბაზუაშვილმა ოვერტაიმში ამ თანმიმდევრობით ჩააგდეს ბურთები, უნივერსიტეტელებმა კი საკუთარი შეტევები ან გააცუდეს, ან ბურთები დაკარგეს და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, “ასტრალის” გამარჯვება სათუმცაო აღარ გამხდარა. 

საბოლოოდ შეხვედრა 94:85 (სტატისტიკა) დასრულდა და “ასტრალი” ფინალს 1 მოგებით მიუახლოვდა. გამარჯვებაში ჩიკვილაძის 26-ქულიანი წილის შემდეგ 23 ქულითა და 8 მოხსნით ევან ჰინსონი მოდის, 13 ქულა და 10 მოხსნა ევან მილიგანმა მიითვალა, მამუკა ბაზუაშვილის ანგარიშზე კი 10 ქულა და 6 მოხსნაა. გთუნიში ფრედერიკმა 27 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულა კოლინ ტერნერის ანგარიშზეა.

ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი 8 აპრილს, 16:15 საათზე გაიმართება. თუ გთუნი მოიგებს, მე-3, გადამწყვეტ შეხვედრას 11 აპრილს ოლიმპიურ სასახლე უმასპინძლებს. 

მეორე ნახევარფინალზე ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში არსებული ტრიბუნები მთლიანად შეივლო. “კავკასიას” და “ორბის” დაპირისპირებას მხარდამჭერები არ აკლდა. ორბის ხელმძღვანელობამ გუნდის საქომაგოდ თავისი საკალათბურთო სკოლის მოთამაშეები მოიყვანა, თუმცა არც “კავკასიას” აკლდა მხარდამჭერები, რომელთაგან გამოსარჩევია მასკოტი ლომი, რომელიც კავკასიის გუნდის მაისურით იყო მოსილი და მთელი თამაში ცეკვავდა და საკუთარ გუნდს ამხნევებდა.

“კავკასია” ფავორიტად მიიჩნეოდა და ეს სტატუსი გაამართლა. “ორბმა” უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო 2 ამერიკელი ლეგიონერი დაკარგა, რომლებმაც მოსალოდნელი საფრთხეების გამო საქართველო დატოვეს. ამით ამ კლუბს დიდი ძალა გამოეცალა და სუპერლიგაში გადასვლის შანსებიც გვარიანად შეუმცირდა.

“კავკასია” სტაბილური, დაბალანსებული გუნდია, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 8-დან 2 შეხვედრა ზემოთნახსენებ გთუნისთან წააგო. “ორბმა” თამაში მედგრად დაიწყო და პირველი პერიოდში 19:15 იმარჯვა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ორბიელები ბოლომდე, შეუპოვრად იბრძოდნენ და მიუხედავად მეორე პერიოდიდან მდევრის როლში ყოფნისა, მოგების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ. 

ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და კერკეტ მეტოქესთან არ წაიფორხილეს. ამერიკელი ლეგიონერებისა და რამდენიმე ქართველი კალათბურთელის სტაბილურმა თამაშმა “კავკასიას” 65:57 (სტატისტიკა) გამარჯვება მოუტანა. გუნდს 14 ქულითა და 19 მოხსნით რაილ ჰეისმა ულიდერა, 13-13 ქულა ჰქონდათ მარკიზ მეიფილდსა და მაიკ ბალოგანს. ორბის ბომბარდირი ერეკლე ლორთქიფანიძე მხოლოდ 12 ქულას დასჯერდა.

სერიის მეორე მატჩები ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს გაიმართება: ასტრალი-გთუნი 16:15, ორბი – კავკასია 18:30.