დიბამო 14-წლამდელთა “ბ” ლიგის გამარჯვებულია

დიბამო 14-წლამდელთა “ბ” ლიგის გამარჯვებულია

2003 წელს დაბადებულთა წლევანდელმა ჩემპიონატებმა დინამოელთა დომინირებით ჩაიარა. 14-წლამდელთა თბილისისა და საქართველოს ჩემპიონატების მოგების შემდეგ მამუკა ტურაშვილისა და ვასილ გოგუას გაწვრთნილმა დინამოელებმა „ბ“ ლიგაც მოიგეს.

ფინალურ მატჩში დინამოელებმა „სოხუმი“ დაამარცხეს. ამ გუნდებმა „ბ“ ლიგის გუშინ დასრულებული სეზონი წაუგებლად განვლეს და ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ. საჩემპიონო მატჩი ისეთი დაძაბული არ გამოდგა, როგორიც ფინალს შეეფერება, თუმცა გარკვეული ინტრიგა მატჩის ბოლომდე შენარჩუნდა. დინამოელებმა პირველი პერიოდი 23:18 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდეს.
დაახლოებით ეს სხვაობა შენარჩუნდა მატჩის ბოლო წუთებამდე. სოხუმელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ჩამორჩენის გაბათილება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ დინამოელებმა 10 ქულის სხვაობით – 67:57 მოიგეს და „ბ“ ლიგის ჩემპიონები გახდნენ.    
ფინალურ მატჩამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც „ოვერტაიმმა“ 67:51 დაამარცხა „მაკაბი“ და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
დაჯილდოვების ცერემონიალზე პრიზიორებს მედლები და სიგელები გადასცეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ღონღაძემ და კავშირის წევრებმა – ვლადიმერ ძიძიგურმა და მამუკა ლომიძემ დააჯილდოვეს. დინამოელებს საჩემპიონო თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა გადასცა.