საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ეროვნული ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას 50-წლიანი მმართველობის უფლებით დიდუბის საკალათბურთო კომპლექსი გადაეცა. ახლო მომავალში დიდუბის, ეგრედ წოდებულ „მანეჟში“ ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია გაიხსნება.
ეროვნული ნაკრების კაპიტანს დარბაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა (იხილეთ ვიდეო). „მანეჟში“ ასევე მივიდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები და ეროვნული ნაკრების წევრები.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებთან ერთობლივი სამახსოვრო ფოტოც გადაიღო, შეხვედრის მიწურულს კი ზაზა ფაჩულიამ პრემიერს, ნაკრების სახელით, საჩუქრად კალათბურთის ბურთი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულიას წლების განმავლობაში სურდა საქართველოში NBA-ს სტანდარტების აკადემიის გახსნა, რაც დღეისათვის უკვე რეალობად იქცა. ხელშეკრულება ყველაზე წარმატებულ ქართველ კალათბურთელთან 50 წლით გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, აკადემია მოამზადებს ბავშვებს სხვადასხვა კლუბებში, ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, აკადემიაში NBA-ს სტანდარტების მიხედვით ტრენინგებს გაივლიან ქართველი მწვრთნელები ამერიკელი და თურქი მწვრთნელების მეთვალყურეობით.
წერეთლის 105 ა-ში მდებარე სპორტული შენობა ამჟამად თბილისის მერიის ბალანსზეა. სპორტული ბაზა 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გარემონტდა და კეთილმოეწყო. ბაზაზე ფუნქციონირებს კალათბურთის 4 დარბაზი, სასტუმროს ტიპის ნომრები სპორტსმენებისთვის, მანეჟი სარბენი ბილიკით, სადაც განთავსდება ტრეჟანორები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი. აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულიასათვის საკალათბურთო ბაზის გადაცემა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია სპორტის მიმართულებით. ეს გადაწყვეტილება ასევე უმნიშვნელოვანესია საქართველოში კალათბურთის განვითარებისა და ზოგადად სპორტში ახალგაზრდობის მეტი ჩართულობისთვის.
დიდუბის საკალათბურთო სპორტული ბაზა – მიხეილ კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური რეზერვის 58-ე საშუალო სკოლა ლევან ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით 1982 წელს დაარსდა და ისტორულად ე.წ. „კალათბურთის სამჭედლოდ” იქცა. სკოლაში აღიზარდნენ ცნობილი კალათბურთელები – ვახტანგ ნაცვლიშვილი, გიორგი ქართველიშვილი, მიხეილ ახვლედიანი, მანუჩარ მარკოიშვილი, ზაზა ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი, გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე.
2007 წელს კალათბურთის ოლიმპიური რეზერვის 58 სკოლას საშუალო სკოლა გამოეყო და მხოლოდ სპორტული პროფილი შეინარჩუნა. 2014 წლიდან დიდუბის კომპლექსი მიხეილ კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტულ ცენტრად გადაკეთდა და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის სავარჯიშოდ იქნა გამოყენებული.
ირაკლი ღარიბაშვილი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი):
„ჩვენი სურვილია, აქ მოეწყოს NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემია. ჩვენს სახელოვან კალათბურთელს, ჩვენთვის საამაყო ზაზა ფაჩულიას წლების განმავლობაში ჰქონდა სურვილი, გაეკეთებინა კალათბურთის აკადემია, რაც აქამდე ვერ მოხერხდა. მიხარია, რომ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით ეს შევძელით. ეს სიმბოლური გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენი ნაკრების სახელოვანი კალათბურთელების უმეტესობა და პირადად ზაზა ფაჩულია წლების განმავლობაში აქ თამაშობდნენ. ამ დარბაზს ჩვენს კალათბურთელებს სრულიად უსასყიდლოდ გადავცემთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზაზა ფაჩულიას შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ცოდნით, უნარით, გამოცდილებით, გაზარდოს არაერთი სახელოვანი კალათბურთელი, რომლებითაც ვიამაყებთ“.
მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს კალათურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):
„სიმბოლურია ის, რომ ზაზა თავად ამ დარბაზშია გაზრდილი და ახლა ეს გარემონტებული და განახლებული კომპლექსი მას მმართველობაში გადაეცემა. ზაზას ნბა-ს და ევროპული კალათბურთის გამოცდილება უმაგრებს ზურგს, რაც მას დაეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგოს და ხელი შეუწყოს საქართველოში კალათბურთის განვითრებას. ასეთი საკალათბურთო ცენტრი ალბათ რამდენიმე იქნება, რადგან ჩვენს ბიჭებს აქვთ სურვილი, თავადაც გახსნან ანალოგიური აკადემიები და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაში მათ დავეხმარებით. ასევე, კალათბურთის ფედერაციასაც სურს, საკუთარი ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებებისთვის ჰქონდეს საკალათბურთო დარბაზი და თუკი სათანადოდ გამართული პროექტი გვექნება, სახელმწიფო ყველანაირად გვერდში დაგვიდგება“.
ზაზა ფაჩულია (ეროვნული ნაკრების კაპიტანი):
„ეს ყველაფერი მოხდა ძალიან მოულოდნელად და ძალიან მალე. ჩამოსული ვიყავი სულ სხვა გეგმებით, ნაკრების შეკრებაზე, თუმცა სურვილი, რომ გამეხსნა საკუთრი საკალათბურთო სკოლა, ყოველთვის გამაჩნდა, მაგრამ დრო არ მქონდა განსაზღვრული, თუ როდის გავაკეთებდი და როგორი იქნებოდა საკალათბურთო აკადემია. ესაა დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ყველაფერს ვეცდები საიმისოდ, რომ გავამართლო ნდობა და ეს სკოლა იყოს სამაგალითო მთელს ქვეყანაში. გეგმებს რაც შეეხება, ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ. ამაზე ფიქრი დაწყებული მაქვს და მონახაზიც არსებობს, თუმცა ჯერ ეროვნული ნაკრებით ვარ დაკავებული და სანამ ევროპის ჩემპიონატი არ დასრულდება, აკადემია ფუნქციონირებას არ დაიწყებს. უახლოეს მომავალში ბოლომდე ჩამოვყალიბდები და უზრუნველვყოფ, რომ დიდუბის დარბაზში უმაღლესი დონის საკალათბურთო კერა ფუნქციონირებდეს“.