17-18 ივლისს საქართველოში პირველად ჩამოდის ევროპის ჩემპიონის თასი. თასთან ერთად თბილისში მოემგზავრება ფიბას საორგანიზაციო ჯგუფი, რომელთან ერთადაც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას დაგეგმილი აქვს ევრობასკეტის თასის თბილისური ტური. აღნიშნული ტურის ფარგლებში თასი 17 ივლისს გამოიფინება დედაქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებში, (მეტეხი, აბანოთუბანი, მშვიდობის ხიდი, გმირთა მოედანი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია…), ქართული სპორტისა და ხელოვნების მუზეუმებში.
18 ივლისს კი თასი „თბილისი მოლში“ გამოიფინება, სადაც 3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ტარდება და მისი ნახვის შესაძლებლობა „თბილისი მოლში“ მოსულ ყველა გულშემატკივარს ექნება.
ევროპის საჩემპიონო თასი გარდამავალია. იგი 23 სანტიმეტრი სიმაღლისაა, იწონის 18 კილოგრამს და შეიცავს მრავალ ძვირფას ლითონსა თუ ქვას. თასი მოოქროვილია და გარშემო 24 ძვირფასი თვალი აკრავს. მათ შორის აგატი, ამეთვისტო, ყვითელკვარციტი, გრანიტი, მალაქიტი. მისი ავტორია ცნობილი გერმანელი ოქრომჭედელი გიუნტერ შიობელი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ასპარეზობს. მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან აღნიშნული თასისთვის ბრძოლას ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები დაიწყებს, რომელთა შორის საქართველოცაა. ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ხორვატიაში ითამაშებს საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიისა, მაკედონიისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ.