“კაკტუსმა” სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა

“კაკტუსმა” სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა

საკალათბურთო კლუბი “კაკტუსი” სუპერლიგაში დარჩა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. კაკტუსელებმა, რომლებმაც სუპერლიგის საგზური 2016 წელს, “ა” ლიგის მოგებით მოიპოვეს, კვლავ უმაღლესში იასპარეზებენ. საკვალიფიკაციო სერია, რომელშიც ხოშტარიას გუნდს “ა” ლიგის ფინალში დამარცხებული “ასტრალი” შეხვდა, “კაკტუსმა” 3:0 მოიგო.

თავის მხრივ, “ასტრალისთვის” დასრულდა ემოციებით აღსავსე სეზონი, რომლის განმავლობაშიც არაერთი იმედგაცრუება ნახა, თუმცა ბედნიერი დღეებიც ახსოვს. მაგალითად ის, რომ “ასტრალი” “ა” ლიგის ფინალში გავიდა, ბევრისთვის მოულოდნელობა გახლდათ. გუნდმა სეზონი 4 ლეგიონერითა და უცხოელი მწვრთნელით დაიწყო, თუმცა უკრაინაში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის გამო “ასტრალი” უცხოელ მწვრთნელებთან ერთად ორმა ამერიკელმაც დატოვა. 

გუნდს ერთი ხანობა მოთამაშე ბექა ჩიკვილაძე წვრთნიდა, რომელიც პლეი ოფიდან მოედანს გაუბრუნდა, მთავარი მწვრთნელის პოსტი კი გუნდის მენეჯერმა ვატო თევზაძემ დაიკავა. პლეი ოფის პირველი, ნახევარფინალური რაუნდიდან ასტრალელებმა რეგულარულ ჩემპიონატში დაუმარცხებელი გთუნი გამოაგდეს და “კავკასიასთან” ფინალური სერია გამარჯვებით დაიწყეს. 2 წაგების შემდეგ “ასტრალმა” კავკასიას თითქმის უიმედო მატჩი ოვერტაიმში გადაუყვანა, თუმცა ძალიან დაძაბული მატჩი საბოლოოდ მაინც დათმო და სუპერლიგაში გადასასვლელი, “კაკტუსზე” გასავლელი გზის ამარა დარჩა. მხოლოდ ბოლო, საკვალიფიკაციო სერიის მე-3 მატჩში ჰქონდა “ასტრალს” მოგების შანსი, თუმცა ბევრად გამოცდილ და ძლიერი შემადგენლობის მყოლ “კაკტუსთან” ვერას გახდა, 80:85 (სტატისტიკა) და სერია მშრალი ანგარიშით დათმო. 

ასე და ამგვარად, სუპერლიგის შემადგენლობა მომავალი სეზონისთვის ცნობილია: “დინამოს” ნაცვლად, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა, უმაღლეს ლიგაში “კავკასია” იასპარეზებს.