კაკტუსმა სუპერლიგის საგზური მოიპოვა

კაკტუსმა სუპერლიგის საგზური მოიპოვა

 სტატისტიკა  
 გალერეა სუპერლიგას ახალი წევრი ჰყავს. მომავალ, 2016-2017 წლების
სეზონში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს – სუპერლიგაში მონაწილეობას მიიღებს
კლუბი „კაკტუსი“.  „ა“ ლიგის ბოლო ტურის მატჩში
ერთმანეთს ცხრილის I-II ადგილებზე მყოფი გუნდები – „ვითა“ და „კაკტუსი“
შეხვდნენ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა მეტოქე დამაჯერებელი სხვაბით –  83:63 დაამარცხეს და „ა“ ლიგის ჩემპიონები
გახდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურის დასრულებამდე კიდევ
2 მატჩია, „კაკტუსი“ მეტოქეთათვის მიუწვდომელია. საბოლოო ცხრილში „ვითას“ და „კაკტუსს“
თანაბარი მოგებები აქვთ, თუმცა ქულებით ჟღენტის გუნდმა იძალა. საქმე ის გახლავთ, რომ
„ვითა“ პირველ წრეში ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „კაკტუსთან“ ტექნიკური წაგებითა
და 1 ქულის ჩამორთმევით დასაჯა. ვითელებმა ეს დანაკლისი იმის გამო მიიღეს, რომ „კაკტუსის“
ამერიკელ ლეგიონერს, კლარენს ჯექსონს ფარულად კონტრაქტი გაუფორმეს.

მას შემდეგ, მეორე წრეში „ვითამ“ „კაკტუსი“ დაამარცხა
და ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ თუკი ვითელები დარჩენილ ყველა შეხვედრას მოიგებდნენ,
პირველ ადგილს დაიკავებდნენ. ლატვიელი სპეციალისტის, ნიკოლაის მაზურსის გაწვრთნილმა
გუნდმა ქულების ჩამორთმევის შემდეგ მართლაც ყველა თამაში მოიგო და მიადგა ბოლო ტურის
მატჩს, სადაც „კაკტუსს“ დაუპირისპირდა. ამ მატჩის გამარჯვებული „ა“ ლიგის პირველ ადგილს
ინაღდებდა და შესაბამისად, დიდი ინტრიგაც ახლდა.

მატჩს ძალიან კარგად მომზადებულები შეხვდნენ კაკტუსელები,
რომლის წევრებმაც სულ სხვა კალათბურთი ითამაშეს, ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვება ალალად
დაიმსახურეს. შეუჩერებელი იყო დანიელ უილიამსი, რომელსაც მახვილგონივრული გარღვევებითა
და პასებით უდიდესი სარგებლობა მოჰქონდა „კაკტუსისთვის“. ფრედ დასრულებული პირველი
პერიოდის შემდეგ, მეორე ათწუთეულში ჟღენტის გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა.

უილიამსთან ერთად ძალიან სასარგებლო იყო კაკტუსელთა
მეორე ამერიკელი ლეგიონერი ფილიპ ჰენრი, რომელიც ფარქვეშ ხომ ყოჩაღობდა და ძირითადად
ქულები საშუალო ტყორცნებით მოაგროვა. ის ხშირად ჩერდებოდა სამწამიანამდე და საშუალო
მანძილიდან უტევდა. ეს ერთგვარი ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო, რადგან ფარქვეშა ბრძლაში
უპირატესობა ვითელთა ტანმაღალ – 218 სანტიმეტრი სიმაღლის კონსტანტინ ანიკეენკოს ექნებოდა.
ასე კი უკრაინელი ცენტრი ვერ ასწრებდა ჰენრისთან პერიმეტრზე ასვლას, ეს უკანასკნელი
კი, როგორც ჩანს, სპეციალურად იყო სროლებზე ნავარჯიშევი და საბოლოოდ 22 ქულით მატჩის
ბომბარდირიც გახდა.

„კაკტუსს“ სისწრაფე და დიდი მუხტი შემატა შეცვლაზე შესულმა
დავით ლომიძემ, რომლის სწრაფი გარღვევები და ზუსტი სამქულიანები ვითელთა გასატეხად
საკმარისი აღმოჩნდა. ძალიან მნიშვნელოვანი 2 სამიანი ჩააგდო ლევან ლოლიშვილმა, უკანახაზელი
ბექა ჩიკვილაძე კი ისე იბრძოლა ფარიდან ასხლეტილი ბურთის მოსაპოვებლად, რომ საბოლოოდ
მოედანზე მყოფთაგან (ვითელ ანიკეენკოსთან ერთად) ყველაზე მეტი – 9  მოხსნა დააგროვა.

მესამე მეოთხედის 20:14 მოგებით „კაკტუსმა“ 13 ქულიანი
ჰანდიკაპი მოიპოვა და როცა ბოლო პერიოდის საწყის წუთებში ვითელებმა თამაშის სცენარი
ვერ შეცვალეს, მატჩის ბედი გაირკვა. კაკტუსელთა ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია და შეხვედრა
ისე ჩამთავრდა, ვითელებს მიზერული შანსიც არ მისცემიათ.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. წაგებულმა
„ვითამ“ უარი თქვა „ა“ ლიგის მეორეადგილოსანისთვის განკუთვნილ მედლებსა და სიგელებზე,
ხოლო მოზეიმე კაკტუსელებმა აღნიშნული ჯილდოები და პლუს სუპერლიგის სიმბოლური ლიცენზია
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ბოისასგან და პრეზიდენტ მიხეილ
გაბრიჩიძისგან ჩაიბარეს. 
არჩილ ჟღენტი
(„კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი):  პირველ რიგში დიდ მადლობას გადავუხდი
მოთამაშეებს. სეზონის მანძილზე ჩვენ ბევრი სირთულე გვქონდა, რომლებიც ერთად გადავლახეთ.
სასიხარულოა, რომ „ვითიბი“ ლიგაში მოასპარეზე ძლიერი „ვითას“ დამარცხება  შევძელით ფინალში და მთავარი მიზანი, რომელიც სუპერლიგაში
მოხვედრა იყო,  შევასრულეთ. „კაკტუსის“ გუნდი
ყოველთვის  ამბიციური იქნება.