კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მილოცვა ზაზა ფაჩულიას და სრულიად საქართველოს!

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მილოცვა ზაზა ფაჩულიას და სრულიად საქართველოს!

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, ფედერაციის გამგეობა და სრული შემადგენლობა ულოცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების კაპიტანს უდიდეს გამარჯვებას. ზაზა ფაჩულია არის მაგალითი იმისა, თუ რამხელა შედეგს შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა მოთმინებით, დაუღალვი შრომითა და მიზანდასახულობით.

ზაზამ თავისი კარიერის მანძილზე არაერთხელ გამოავლინა მაღალი ზნეობრივი და სპორტული ხასიათი, რომლის მორიგი დადასტურებაც დღეს მოგებული ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის უმაღლესი ტიტული გახლდათ. ნბა-ს საჩემპიონო ბეჭედი მრავალ დიად კალათბურთეს განზე დარჩა, ხოლო ზაზა ფაჩულიამ მისი მოგება საკუთარი მიზანდასახულობითა და უდიდესი შრომის ხარჯზე მოახერხა. დღვანდელი დღე, როცა პირველმა ქართველმა შეძლო ესოდენ ძვირფასი ტიტულის მოგება, ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული სპორტისა და მთლიანად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
კალათბურთის ფედერაცია ულოცავს ზაზა ფაჩულიას, მის ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს ამ ისტორიულ დღეს და ქართული სპორტის სასახელოდ მომავალში წარმატებებს უსურვებს.
ზაზას გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა!